|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

115 თუ 138 ათასი-რამდენი ამომრჩეველია ქუთაისში?

ქუთაისში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ სიტუაციას კურიოზულს უწოდებენ.  სტატისტიკური მონაცემებით, ქუთაისში 147 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ამომრჩეველთა რაოდენობა კი, თითქმის უტოლდება მოსახლეობის რაოდენობას.   ბოლო მონაცემებით,  ის 138 880-ს  შეადგენს. ქუთაისის   მერობის კანდიდატი გოგი წულაია მისთვის დამახასიათებელი იუმორით  კითხულობს – ბავშვები აღარაა ამ ქალაქში?

საარჩევნო სიების სიზუსტის არა თუ არ სჯერა, არამედ დარწმუნებულია, რომ სიები გაყალბებულია საარჩევნო ბლოკის „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა -თავისუფალი საქართველო“- ს  ქუთაისის მერობის კანდიდატს. გოგი წულაიას თქმით, ამომრჩეველთა სია გასწორდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ და 2004 წლის  საპარლამენტო არჩევნები რეალური სიებით ჩატარდა, მაშინ  ქუთაისის ამომრჩეველთა რაოდენობა  115 ათასის ფარგლებში დაფიქსირდა.

„მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ შიშობდა, რომ გაყალბებულ სიას შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოიყენებდნენ, ამიტომ მაქსიმალურად მოხდა სიის გასწორება და რეალურ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოყვანა, იმ დროს ქუთაისის ამომრჩეველის რაოდენობა 115 ათასის ფარგლებში იყო. მას შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა ქუთაისში არა თუ გაიზარდა, მიგრაციული პროცესების გამო, უფრო მცირდება, არადა სიის მიხედვით, ამომრჩევლის რაოდენობა „იზრდება“. დღეს როგორც ცნობილი გახდა, ქუთაისის ამომრჩევლის რაოდენობამ 138880 ადამიანი შეადგინა, ეს არის ზუსტად იმ გაყალბებული სიების მაჩვენებელი"-აცხადებს გოგი წულაია. მისი თქმით, არარსებული მისამართებისა და გაყალბებული სიების შესახებ სხვადასხვა წლებში  განცხადებითა და საჩივრით ყველა სტრუქტურას მიმართა,  თუმცა პასუხად იღებდა, რომ საკითხის გადაწყვეტა მათ კომპეტენციაში არ შედის. ცესკო-მ იუსტიციის სამინისტროსთან გადაამისამართა. იუსტიციის სამინისტრომ კი არარსებული  მისამართების გასაუქმებლად არაფერი გააკეთა.

„წელს არ მიმიმართვს, რადგან მგლის თავზე სახარების კითხვა გამოდის, რადგან ყოველ წელს ვწერ, რომ არარსებული მისამართებია სიებში დაფიქსირებული, ისეთი კორპუსებია მითითებული, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ამის შესახებ პროკურატურას მივმართე, იმედი მქონდა, რომ რამეს შეცვლა მოხდებოდა, მაგრამ რეაგირება არ მოხდა. არარსებული მისამართები ისევ რჩება სიებში, ესაა „ავტოქარნდის დასახლებაში“, „ავანგარდში“,  „ვაკისუბანში“, „საღორიაზე“,  ყველგან, სადაც კორპუსებია.“

არარსებულ კორპუსებზე საუბრობს  „გიორგი ვაშაძე-ერთობა- ახალი საქართველი“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსი.  გოგიტა გოგელაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისში ძალიან ბევრი  ისეთი მისამართი შეტანილია სარჩევნო საარჩევნო, რომელიც  "ბუნებაში არ არსებობს". სიაში 60-მდე არარსებული კორპუსია შეტანილი, ასეთია ავტოქარხანაში, გამარჯვების ტერიტორიაზე, ნიკეაზე.

საარჩევნო სიების უზუსტობაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.  გიგა შუშანიას  თქმით, „საარჩევნო სიებში ძალიან ბევრი უზუსტობაა, არის დაუდგენელი მისამართები, არიან ადამიანები, რომლებიც რეგისტრირებული არიან  მისამართებზე, სადაც ბინის მესაკუთრეებმა საერთოდ არ იციან მათი ვინაობა. უამრავი გარდაცვლილია სიებში, შემიძლია ჩამოგითვალოთ;  მაგალითად, მე-17 უბანზე მიქაია ლენა, რომელიც ცხოვრობს 26 მაისის #85, ჯინჯიხაძე გულნარა 26 მაისის 91-ში, ასევე  21-ე უბანზე ნათელა სულაქველიძე-არაგვისპირელის #12, ამ სიის გაგრძელება კიდევ შემიძლია“, - აღნიშნავს გიგა შუშანია.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი, არა მხოლოდ სიების,  გადასატანი ყუთის საკითხითაც დაინტერესდა და პარტიის აქტივისტებმა სიაში შეყვანილი ადამიანები სახლში მოინახულეს.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და უკვე თითქმის უბნების 90 %-ზე მთლიანად შეავსო ის 3-იანი ზედა ზღვარი, რომელიც კანონით არის მითითებული. ჩაწერეს თავისი აქტივისტები, საიდანაც დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ავად. ჩვენ დავიწყეთ მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ მაგალითად, 107-ე უბანზე 16 ადამიანიდან 11 არ იყო ავად და არ შეესაბამებოდა საჭირო  კრიტერიუმებს, მივმართეთ საოლქო კომისიას და მიუხედავად წინააღმდეგობისა, ვაიძულეთ ეს 16 ადამიანი ამოეღო ამ სიიდან.  იგივე ხდება #23 უბანზე- 25 კაციდან მხოლოდ 5 ადამიანია ავად. აღმოჩნდა ისე, რომ მთელი ქუთაისის მასშტაბით, მხოლოდ „ქართული ოცნების“  აქტივისტები არიან ავად და ზუსტად იციან,  რომ 21 ოქრომბერს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათმდე მათი წნევა 160-დან 220-მდე აიწევს“, - აცხადებს გიგა შუშანია.  მისი თქმით, პარტია აგრძელებს მონიტორინგს, ამ დარღვევებზე საჩივრების წერას და საზოგადოების წარმომადგენლების ინფორმირებას.

მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს უწოდებს „ევროპული საქართველოს”  ქუთაისის  ორგანიზაციის შტაბის უფროსი, გია თევდორაძე.  „ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, რამე  კატასტროფული დარღვევა არაა, ცოტა მისამართებია არეული,  ზოგან მკვდარი სულებიც არის, თუმცა ,,შეგნებული” შეცდომა არ გვგონია. საერთო ჯამში, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ამ მხრივ“,-განაცხადა თევდორაძემ.

მდგომარეობას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ საოლქო კომისიაშიც. #59 საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, სიებში  უზუსტობების არსებობაზე საოლქო კომისიისათვის ოფიციალურად არც ერთ პარტიას არ მოუმართავს, შესაბამისად, საკითხის შესწავლაც ვერ მოხდებოდა.

რაც შეეხება ქუთაისის ამომრჩეველთა და ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობის შეფარდებას,  ოსეფაიშვილი განმარტავს, ამომრჩეველთა სიაში ის ადამიანები რჩებიან,  რომლებიც რეგისტრირებული არიან ქუთაისში, თუმცა შესაძლოა, ისინი ფიზიკურად ქალაქში აღარ ცხოვრობენ.

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ავტორი: ირინა მაკარიძე