14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინფორმაციით, სახელმწიფო დროშა წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სიმბოლოს, რომელშიც განივთებულია სახელმწიფოებრიობის უწყვეტი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მისი საზოგადოების ცივილიზაციური არჩევანი და ადგილი თანამედროვე მსოფლიოში.
„საქართველოს სახელმწიფო დროშა ერთ-ერთ უძველეს დროშად არის მიჩნეული. გორგასლიან-დავითიან დროშად წოდებული თეთრ ველზე გამოსახული ხუთი მეწამული ჯვარი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს, მისი ტერიტორიის აღმნიშვნელი სიმბოლოა.
1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენის საკითხი დადგა. სამეცნიერო და სამართლებრივი საფუძვლების მომზადების შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშა დადგინდა.
საქართველოს სახელმწიფო გერბთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშა ქვეყნის უზენაესი ატრიბუტია და მისი მხატვრულ-შინაარსობრივი სახე ყველა სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ხასიათს განსაზღვრავს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის საფუძველზე იქმნება სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, დაწესებულებათა ემბლემები, სამხედრო მომსახურეთა და სამართალდამცავ პირთა განმასხვავებელი ნიშნები, სახელმწიფო დოკუმენტები და სიმბოლოთა ერთობლიობები.
საქართველოს მოქალაქის ღირსების და დაცულობის სიმბოლო სახელმწიფოს საქმიანობის უკლებლივ ყველა სფეროში მონაწილეობს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოებას ერთ მთლიანობად წარმოადგენს.
გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!“ - ნათქვამია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.
ავტორი: