|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2018 წელს ქუთაისის მერიამ წარმომადგენლობითი ხარჯი 80,450 ლარით შეამცირდა"

2018 წელს ქუთაისის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯი გასულ წელთან შედარებით 80,450 ლარით შემცირდა -ამგვარად ეხმიანება ქუთაისის მერია  ფლანგვის დეტექტორის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2017 წელს ქუთაისის მერიის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 230 000 ლარი შეადგინა.

"2018 წელს ქუთაისის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯი გასულ წელთან შედარებით 80,450 ლარით შემცირდა. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების შესრულებას 2017 წლის ბოლოს შეუდგა. შემცირებული წარმომადგენლობითი ხარჯები სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა მაგ: წელს პირველად გაჩნდა სოციალურ ბიუჯეტში მარტოხელა ქალებისა და ძალადობის მსხვერპლი ადამიანების დახმარების პროგრამები. ასევე გაიზარდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა თერაპიული კურსის დაფინანსება. წარმომადგენლობითი თანხები, ქალაქის ოფიციალური სტუმრების მიღებასა და სასტუმროს ხარჯებში და სტუმრებისთვის სასაჩუქრედ განკუთვნილი სუვენირების შესაძენად იხარჯება. 2018 წელს ახალი ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში, ქუთაისის მერიას არ შეუძენია არცერთი ძვირფასი ნივთი (ოქრო ან სამკაული)", - ნათქვამია ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად,  2018 წელს ქუთაისის მერიის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი ამ დროისათვის 150 ათას ლარამდე აღწევს.

 შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის“ მედიაპროექტის ფლანგვის დეტექტორის განცხადებით,  2017 წელს ქუთაისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 230 000 ლარი შეადგინა.

 თანხის ყველაზე დიდი - 62 370 ლარი საჩუქრების შესაძენად დაიხარჯა. შეძენილი საჩუქრებიდან გამორჩეული ადგილი ალკოჰოლურ სასმელებისა (15 330 ლარი) და ძვირფასეულობას (10 000 ლარი) უკავია.

აგრეთვე, ყურადღება მიიქცია შპს “ზარფხანასგან” შეძენილმა მინიატურულმა ლომებმა (4 ერთეული), რისთვისაც ბიუჯეტიდან 2354 ლარი დაიხარჯა. 

ფლანგვის დეტექტორის გაანგარიშებით, მხოლოდ საჩუქრებში დახარჯული თანხა საკმარისი იქნებოდა 210 სოციალურად დაუცველი პირის ყოველთვიური შემწეობისათვის 1 წლის მანძილზე. 

ავტორი: ნიუპრესი