22 მილიონი ინფრასტრუქტურისათვის და შენიშვნები სამუშაოების ხარისხთან
ქუთაისი დამტკიცებულიდან დაზუსტებულ ბიუჯეტზე გადავიდა. პირველი ცვლილება საკრებულომ უკვე დაამტკიცა. 50 597 500 ლარს წინა წლის ნაშთი დაემატა და ჯამში, 57 მილიონი შეადგინა. თუმცა, მოგვიანებით ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს 10 926 138 ლარი დაემატა, რაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო.
ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა სწორედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გამოიყო. გზების, ეზოების, ხიდების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ორმოული შეკეთების, პანდუსებისა და სხვა სამუშაოებისათვის წელს დაახლოებით 22 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან 12 მილიონი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დანაჩენი კი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.
გამოყოფილი თანხიდან ყველაზე დიდ ნაწილი - 7 800 000 ლარი გზების შეკეთებაზე მოდის. უკვე არსებობს იმ ქუჩების ჩამონათვალი, რომელთა რეაბილიტაციაც წელს იგეგმება. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ქუჩების რიცხვი 85–ს აღწევს და შესაძლოა, მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
ქუჩების შერჩევის გამო შენიშვნა გამოთქვა საკრებულოს “რესპუბლიკელმა“ დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ. მისი თქმით, მერიამ არ გაითვალისწინა მისი არცერთი რეკომენდაცია, რის გამოც ჩამონათვალში ვერ მოხვდა მისი სამაჟორიტარო უბნის ქუჩები. ქათამაძე მერიას ახსნა–განმარტებას სთხოვს, თუ როგორ და რა პრინციპით მოხდა შესაკეთებელი ქუჩების შერჩევა.
ქათამაძეს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პასუხობს. მალხაზ ბასილაძის განმარტებით, ქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გაცილებით მეტი თანხაა საჭირო, თუმცა არსებული თანხით, იმ ქუჩების მოწყობა იგეგმება, სადაც წლების განმავლობაში სამუშაოები არ ჩატარებულა.
„დაახლოებით 85 ქუჩის კეთილმოწყობა იგეგმება. გამოცხადდა ტენდერები და სამუშაოებიც მალე დაიწყება. რეგიონული განვითარების ფონდიდან გზებზე 7 800 000 ლარი დაიხაჯება. 149 000 ღვარსადენების კეთილმოწყობაზე. 100 000 პანდუსების მოსაყობად. ასევე, არაერთი პროექტია დაგეგმილი, ჯამში, ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე 22 მილიონი დაიხარჯება, თუმცა ველოდებით, რომ ტრანშის მეორე ეტაპზე თანხა გაიზრდება. რაც შეეხება დიდ პროექტებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს 7 მილიონიანი პროექტი, რაც ნიკეას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მიწისქვეშა კომუნუკაციებითა და გადასასვლელებით, შეიძლება ითქვას, ნიკეა ერთ–ერთი მთავარი შემოსასვლელი გახდება ქალაქის, რომელიც ავტობანს მიუერთდება, ახალი პანდუსები და გადასასვლელები კი ნიკეას ქუჩაზე მოძრაობას განტვირთავს“, –აცხადებს ბასილაძე.
სამუშაოებში ვერ მოხვდა ფალიაშვილის ქუჩა, სადაც ამ დროისთვის სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასრულებს. ამის მიზეზადაც ბასილაძე მომავალში დაგეგმილ სამუშაოებს ასახელებს.
„იმის გამო, რომ ქალაქის მასშტაბით დაგეგმილია წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია, არ ხდება იმ ქუჩების კაპიტალური შეკეთება, სადაც წყლის მილების გაყვანა გახდება საჭირო, ამიტომ იგივე, ფალიაშვილის ქუჩას წელს კაპიტალური შეკეთება არ ჩაუტარდება, თუმცა, წყალმომარაგების კომპანია სრულად აღადგენს დაზიანებულ გზას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თურქული კომპანია „სემკა“ რომელიც წყალგაყვანილობის მეორე ეტაპის სამუშაოებს შეასრულებს, გვთავაზობს, რომ ნიკეას ქუჩის ნაცვლად, სადაც ჩვენ ისედაც ვახდენთ კაპიტალურ შეკეთებას, ასათიანის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მოახდინოს, ანუ თანხა არ იკარგება, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ გაცილებით მიზნობრივად იხარჯება“,–აღნიშნავს ბასილაძე.
მერიამ სამუშაოებისათვის პროექტები მოამზადა და ნაწილზე ტენდერებიც გამოაცხადა.
გაჭიანურებული სამუშაოები და გადათხრილი ქუჩები უკვე გახდა მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი. მოქალაქეები წვიმიან ამინდებში გაუვალ გზებს უჩივიან, ადგილობრივები იმასაც აღნიშნავენ, რომ მიუხედავად გზების მუდმივად შეკეთებისა, ქუთაისის ქუჩებს მაინც არაფერი ეტყობა.
თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ სამუშაოების ნაწილი წინა წლიდან გადმოვიდა, ნაწილზე კი ტენდერი სწორედ მოსახლეობის კეთილდღეობისათვის გამოცხადდა, რათა დროულად მოხდეს სამუშაოების დასრულება, რომ ტურისტულ სეზონს ხელი არ შეეშალოს.
ზამთრის სეზონში დაწყებული სამუშაოები გააპროტესტა საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა ბესიკ ბრეგაძემ. მან მერიას უხარისხოდ შეესრულებული სამუშაოების გამო შენიშვნა მისცა. ბრეგაძის განცხადებით, გზების შეკეთება ნალექიან ამინდებში იგივეა, რომ ფული წყალს გაატანონ. ამავეს აღნიშნავს მოსახლეობა, ზამთარში ქუჩების შესაკეთებლად მოტანილი სილა, წყალს, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მიაქვს, რაც ღვარსადენების გაჭედვას იწვევს, ეს კი დამატებით პრობლემებს წარმოქმნის.
შენიშვნას არ იზიარებს ქალაქის მერი, რომელიც ადასტურებს, რომ ცუდ ამინდშიც სრულდება სამუშაოები, თუმცა, მისი თქმით, ეს არ ეხება დიდ პროექტებს და არამედ მხოლოდ გზების ორმოული შეკეთებას.
„იმის გამო, რომ სამუშაოები დროულად შესრულდეს, ჩვენ ტენდერები წლის დასაწყისში გამოვაცხადეთ, შევძელით დაპროექტება და დატენდერება, ამიტომ სამუშაოების გეგმის მიხედვით განხორციელდება. რაც შეეხება შენიშვნას, წვიმიან ამინდში მუშაობასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვაგებთ წვიმაში გზებს, მაგრამ აუცილებლობიდან გამომდინარე, სწორედ იმის გამო, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს, ვახდენთ ორმოულ შეკეთებას. დიახ, ორმოები წვიმაშიც უნდა შეკეთდეს, რადგან ამ სამუშაოებს დროში ვერ გავწელავთ“–განაცხადა შოთა მურღულიამ.
რეგიონული განვითარების ფონდს ქუთაისის მერიამ წელს 22 მილიონის პროექტი წარუდგინა, თუმცა მხოლოდ თანხის ნახევარი მიიღო, მერიაში იმედოვნებენ, რომ მეორე ეტაპზე თანხა 15 მილიონამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ წელს რეგიონული განვითარების ფონდმა განსახორციელებელი პროექტებისათვის 170 მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა ქუთაისმა მიიღო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი