ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტაში ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ჩასულმა მეშახტეებმა, რომლებიც პროტესტის ნიშნად შახტიდან ამოსვლაზე უარს ამბობდნენ, აქცია გუშინ გვიან ღამით შეწყვიტეს.
მათი განცხადებით, შახტის ადმინისტრაციიდან და ტყიბულის მერიიდან აცნობეს, რომ მათი მოთხოვნები სრულიად დაკმაყოფილდება.
შეგახსენებთ, გუშინ 25-მდე მეშახტემ ძიძიგურის შახტში, 300 მეტრ სიღრმიდან ამოსვლაზე უარი განაცხადა.
ისინი ხელისუფლებისგან ითხოვდნენ, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს შახტებში საწარმოო პროცესი და მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები. მეშახტეებს კომპანიის მიმართ პრეტენზია და მოთხოვნები არ აქვთ.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი