|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2809 ახალი და განახლებული ობიექტი ქუთაისელების სამსახურში"

ქუთაისის მერიის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი  საზოგადოებას გაწეული საქმიანობის შესახებ  ანგარიშს სოციალური ქსელის საშუალებით აბარებს. "ერთიანი გუნდის წევრი",  საბინაო სამსახურის ყოფილი უფროსი ვიკა ნაკაშიძე  სათაურით -"2809 ახალი და განახლებული ობიექტი ქუთაისელების სამსახურში" ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სამსახურის საქმიანობის ვრცელ ანგარიშს აკეთებს, რომელსაც "ნიუპრესი" უცვლელად  გთავაზობთ.

 

"არ მინდა დავარღვიო გაწეული სამუშაოების შესახებ საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო სექტორის წინაშე ანგარიშის ჩაბარების სამწლიანი ტრადიცია (რაც სამსახურის უფროსად დავინიშნე) და დღეს გარემოებათა გამო სოციალური ქსელით მინდა ჩაგაბაროთ შემაჯამებელი ანგარიში 2014-2017 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც საშუალება მომცა მცირედი წვლილი შემეტანა ჩემი ქალაქის განვითარებაში.
ის ციფრები და სტატისტიკა, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი მხოლოდ მშრალი ციფრები არ არის. ამის უკან დგას საბინაო სამსახურის და მერის წარმომადგენლების დაუღალავი შრომა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას თითოეულ მათგანს. ამ შედეგებისთვის შესვენებაც გავაუქმეთ, შაბათიც სამუშაო დღედ გამოვაცხადეთ და 8-საათიანი სამუშაო დღე ბევრისთვის 24 საათიანად ვაქციეთ. ამ 4 წლის განმავლობაში შვებულებაშიც მხოლოდ 2 კვირით ვიყავი და ისიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, რადგან კანონი კრძალავდა არჩევნებში სხვა ფორმით ჩართულობას სამუშაო საათებში. როცა ამას ვამბობ, არავის ვამადლი, პირიქით მეამაყება და ბედნიერი ვარ თითოეული დღით რაც ჩემს მეგობრებთან (მეგობრებთან და არა თანამშრომლებთან) გავატარე.
გარდა სამსახურის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობისა, მუდმივად ჩართული ვიყავით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებაში და დიდ მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც გვერდში გვედგა ამ აქტივობებში.
ჩვენივე ინიციატივით, შევქმენით საქველმოქმედო ფონდი „მეობა“, სადაც ხელფასის ერთ პროცენტს ვრიცხავთ და არაერთი კეთილი საქმე გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია „საუკეთესო სამსახურის მოგზაურთა კლუბი“. ის ღონისძიებები, ექსკურსიები, კორპორაციული საღამოები იყო იმ ერთობის განმაპირობებელი, რამაც ეს ყველაფერი შეგვაძლებია.
2014 წელს, როცა სამსახურის უფროსად დავინიშნე, 7 პროგრამა ფუნქციონირებდა, დღეს განსახორციელებელი პროგრამების რაოდენობა 15-ია. ყოველი ახალი პროგრამის შექმნას და განხორციელებას უდიდესი გონებრივი და ფიზიკური შრომა ჭირდებოდა. განვახორციელეთ არაერთი ცვლილება, რომლებმაც კიდე უფრო კომფორტული გახადა ჩვენი პროგრამები მოსახლეობისთვის. მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:
1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებდა ეზოების კეთილმოწყობას მხოლოდ ბეტონის საფარით, ხოლო 2016 წლის 27 იანვრის განხორციელებული ცვლილებების შემდეგ პროგრამა გულისხმობს: ეზოს მოპირკეთებას ბეტონის, ასფალტობეტონისა და დაწნეხილი ფილების გამოყენებით (საჭიროების შემთხვევაში ღია ან დახურული სანიაღვრე არხების მოწყობა). მოთხოვნის შემთხვევაში ფანჩატურის, საბავშვო ატრაქციონის (მოედნით), საბაღე ძელსკამების, მცირე ზომის სანაგვე ურნებისა და მარტივი ტიპის ტრენაჟორების მოწყობას. იმ ამხანაგობებს, რომლებმაც ცვლილების განხორციელებამდე მოახდინეს ეზოების მოპირკეთება დამატებით შექმნილი პროგრამის საფუძველზე მიეცათ საშუალება 80%/20%-ზე (ამხანაგობის წილის შემცირდა 60%/40%-დან 80%/20%-მდე) თანადაფინანსებით ეზოში განათავსონ მცირე ზომის საბავშვო ატრაქციონი, ფანჩატური, ძელსკამები, მცირე ზომის სანაგვე ურნები და მარტივი ტიპის სტაციონალური ტრენაჟორები (ტურნიკეტები).


2. 2014 წლის 24 დეკემბრის საკრებულოს N62 დადგენილებით მთლიანად შეიცვალა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადასახური მასალის გადაცემისწესი. თუ ადრეულ წლებში ყოველგვარი კონტროლის გარეშე, არამიზნობრივად ხდებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადასახური მასალის გადაცემა, რაც უმეტეს შემთხვევაში, შედეგს ვერ უზრუნველყოფდა და გაფუჭებული მასალა დღესაც გვხვდება სარდაფებში, სხვენში, ლიფტის შახტებში, 2014 წლიდან განსაზღვრულმა წესმა 100%-იანი შედეგი უზრუნველყო. კერძოდ, ამხანაგობები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს საცხოვრებელი კორპუსის ავარიული სახურავის შესაკეთებლად გადასახური მასალის გადაცემაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ განცხადება, ხარჯთაღრიცხვა და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების პროცენტული ოდენობის დამადასტურებელი საბანკო გარანტია. ექვსსართულიანი და ექვსსართულიანზე დაბალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები წარმოადგენენ სახარჯთაღრიცხვო თანხის 30%-ის, ხოლო ექვსსართულიანზე მაღალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობები კი – 50%-ის გადახდის დამადასტურებელ საბანკო გარანტიებს, აღნიშნული საბანკო გარანტია ამხანაგობებს დაუბრუნდებათ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გადასახური მასალის სრულად და მიზნობრივად გამოყენების შემდეგ. ხოლო იმ საცხოვრებელი სახლების გადახურვის, რომელთა ბოლო სართულებზე ცენტრალური ხელისუფლების თუ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა, ან განხორციელდება, დაშენებისა და გადახურვის სამუშაოები და წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებას, სახურავის დაზიანების შემთხვევაში, სრულ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერადად.


3. 2014 წელს შევქმენით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობებისათვის პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის პროგრამა თანადაფინანსებით 80%/20%-ზე, თუმც ამ კუთხით ამხანაგობების გააქტიურება არ შეინიშნებოდა და 2016 წლის 30 მარტს ამხანაგობის თანადაფინანსების პროცენტული წილის შემცირდა 20%-დან 10%-მდე. 


4. არამარტო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეთა (რომელთაც, ბუნებრივია, უფრო ხშირი კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან) არამედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მეტი ინფორმირებულობისათვის, საზღვარგარეთის ქვეყნებში ამხანაგობების შექმნისა და მართვის კუთხით არსებული პრაქტიკის გაცნობისათვის 30000-იანი ტირაჟით დაიბეჭდა საინფორმაციო მაღალპოლიგრაფიული გაზეთი.


5. იმის შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი ფართები, ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთო მათთან ამხანაგობების ჩამოყალიბების პროცესში, რათა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სრულად ისარგებლონ საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის N62 დადგენილენით დამტკიცებული თანადაფინანსების წესის შესაბამისად. ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიურობით განხორციელდა შეთანხმება დევნილთა სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის, რომ დევნილთა სამინისტრო დააფინანსებს ამხანაგობის გადასახდელი წილით დევნილდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ თანადაფინანსების პროგრამებში.


6. 2015 წელს შევქმენით სპორტული ტრენაჟორების მონტაჟის პროგრამა, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და დიდი მოწონებით სარგებლობს.


7. ჩვენი სამსახურის დაქვემდებარებაში გადმოვიდა სპორტული მოედნების, საბავშვო ატრაქციონების და ძელსკამების რეაბილიტაცია-მოწყობის პროგრამები.


8. 2016 წელს პირველად შევქმენით „ექსპუატაციის პროგრამა“ რამაც საშუალება მოგვცა არსებული ობიექტების მიმდინარე შეკეთება განგვეხორციელებინა.


9. იმ სახის პრობლემების გადასაწყვეტად რომელიც ვერც ერთი პროგრამით გვარდებოდა და უბნის თუ დასახლებისთვის მნიშვნელოვანი იყო შევქმენით „თავისუფალი ინიციატივების პროგრამა“ და წლების განმავლობაში გადაუწყვეტი არაერთი პრობლემა მოვაგვარეთ.


10. 2014 წელს შეიქმნა „სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციის“ პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მადლიანი პროგრამაა.

 
11. 2011 წელთან შედარებით 50 %-ით და ზოგჯერ მეტითაც შევამცირეთ მოსახლეობის წილი რამდენიმე პროგრამის თანადაფინანსებაში,-წერს ვიკა ნაკაშიძე საჯკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, მერიაში საკუთარი 3 წლიანი საქმიანობა  რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ეკონომიკის სამსახურის ყოფილმა უფროსმა პაატა კლდიაშვილმა შეაჯამა.

მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში ახალმა მერმა საქმიანობის დაწყების პირველსავე დღეებში თანამდებობიდან მერიის 5 სამსახურის უფროსი ერთდროულად გაათავისუფლა. გაგრძელდება თუ არა ყოფილი სამსახურის უფროსების "ფეისბუკ ანგარიშის" ახლადშექმნილი ტრადიცია, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

 მსგავსი: ტორტით და ლიქიორით გამოხატული ყურადღება მუნიციპალიტეტების თანამშრომლების მიმართ

ავტორი: ნიუპრესი