September 4, 2023

როდესაც ახალბედა მეღვინეს დახმარება მესაჭიროებოდა, USAID-მა სწორედ მაშინ დამიჭირა მხარი -ბაია აბულაძე

USAID მხარს უჭერს სოფლად შემოსავლების ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვასა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას.

ბაია აბულაძის შემთხვევაც სწორედ მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი მაგალითია. ის „ბაიას ღვინის“ დამფუძნებელია, რომელიც ბაღდათში, სოფელ ობჩაში იწარმოება.

USAID-ის პროგრამის დახმარებით, ბაიას შესაძლებლობა მიეცა საკუთარი მეღვინეობა განევითარებინა და გამოწვევები დაეძლია – „მაშინ, როცა ჩვენს მეღვინეობას ნელ-ნელა ვზრდიდით და ვაძლიერებდით, არ გვქონდა ბევრი საჭირო უნარი თუ ინფორმაცია მართვის, პრობლემებთან გამკლავების შესახებ. USAID-ის ,,სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩავერთე, რამაც საშუალება მომცა სამეწარმეო უნარები, ცოდნა ამემაღლებინა და ბევრი საინტერესო ადამიანი გამეცნო ჩვენი სფეროდან“,-ამბობს ბაია აბულაძე

ბაიას მეღვინეობა აქტიური ტურისტული ლოკაციითაც გამოირჩევა, ამიტომაც ტურისტული კუთხით არსებული პოტენციალის ასათვისებლად და მისი პოპულარიზაციისთვის USAID-ის დახმარებით სოციალური მედიის მართვის, მომხმარებელთან კომუნიკაციისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობაც შეძლო.

„თანამშრომლობა და პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერა ჩემთვის მეგობრობასავითაა, ის ურთიერთგაგებას, ბედნიერ თუ რთულ დღეებში თანადგომას უნდა ემყარებოდეს, რაც USAID-ის მხრიდან ხელშეწყობაშიც გამოიხატა – როდესაც ახალბედა მეღვინეს დახმარება მესაჭიროებოდა და ჰობი საქმიანობად უნდა მექცია, USAID-მა სწორედ მაშინ დამიჭირა მხარი“ – ამბობს ბაია.