June 24, 2026

იმერეთში ლურჯი მოცვის გაშენება 12 მლნ ლარზე მეტით დაფინანსდა

იმერეთში ლურჯი მოცვის გაშენება 12 მლნ ლარზე მეტით არის დაფინანსებული, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, დავით სონღულაშვილთან ერთად ლურჯი მოცვის ბაღში მოსავლის კრეფისა და დაბინავების პროცესს გაეცნენ.

„იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე მოვინახულეთ მოცვის ბაღები. სახელმწიფოს ჩართულობითა და დახმარებით, იმერეთში ლურჯი მოცვის გაშენება 12 მლნ ლარზე მეტით არის დაფინანსებული. პროდუქცია შედის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე.

კერძო სექტორში სოფლის მეურნეობის განვითარებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის. კერძოდ, რეგიონში იმატებს დასაქმებულთა რაოდენობა, იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალი, ვითარდება ინფრასტრუქტურა და მცირდება მიგრაცია. ხოლო ქვეყანაში იზრდება და ძლიერდება ეკონომიკა“, – აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ შპს „ბლუფილდი“ 2021 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიას სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 20 ჰექტარზე გაშენებული აქვს ლურჯი მოცვის ბაღი. მოსავლის რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. საკუთარი ნედლეულისაგან აწარმოებს ლურჯი მოცვის ლიქიორსა და ჩირს. კომპანიაში მუდმივად 11 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა 200 აღწევს.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 57 მლნ ლარზე მეტით, 3,300 ჰა-ზე მეტ ფართობზე დაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება, მათ შორის, იმერეთის რეგიონში, 12 მლნ ლარზე მეტით, 700 ჰა-ზე ლურჯი მოცვის გაშენება.