ქუთაისი საოპერო მომღერალს, სახალხო არტისტს გიორგი ლომთაძეს ემშვიდობება. სამძიმრის წერილს საქართველოს კულტრურის სამინისტრო ავრცელებს.
„მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო არტისტის, საოპერო მომღერლისა და პედაგოგის, გიორგი ლომთაძის გარდაცვალების გამო.
გიორგი ლომთაძე გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, არტისტული ოსტატობითა და განსაკუთრებული საშემსრულებლო კულტურით. წლების განმავლობაში, ქუთაისის ოპერის სცენაზე მან მსოფლიო და ქართული საოპერო რეპერტუარის არაერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
სასცენო მოღვაწეობის პარალელურად გიორგი ლომთაძე ათწლეულების განმავლობაში ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა და არაერთი წარმატებული მომღერლის აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – წერია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში.
მაესტროს 23 ივლისს ლ.მესხიშვილის დრამატული თეატრიდან გამოასვენებენ, დაკრძალვა მწვანე ყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოხდება.