723 მლნ–ის ღირებულების “ცხენისწყლის ჰესების კასკადის” პროექტის განხორციელება დაიწყო
თანაინვესტირების ფონდსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის გაფორმებით „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და ენერგეტიკის სფეროში წამყვან ისლანდიურ კომპანიებთან Verkís და Landsvirkjun Power-თან ხელი მოეწერა საკონსულტაციო ხელშეკრულებას, რომელიც ჰესების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლასა და ზოგადი დიზაინის მომზადებას ითვალისწინებს.
„ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის. იგი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება. წინასწარი კვლევის მიხედვით, კასკადი გააერთიანებს 4 ჰიდროელექტროსადგურს: „ლუჯი ჰესი“,„მუხრა ჰესი“, „ლენტეხი ჰესი“ და „ცაგერი ჰესი“. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $723 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. მისი საერთო დადგმული სიმძლავრე 347.1 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 1,743.7 მილიონი კვტ.სთ. წარმოებული ელექტროენერგია არამარტო შიდა ბაზარს მოხმარდება, არამედ მისი დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა თურქეთის რესპუბლიკაში. ამ ეტაპზე, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პარალელურად, განხორციელდება პროექტის დეტალური კვლევა გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით. წინასწარი გათვლებით აქტიური სამშენებლო ფაზა 2017 წელს დაიწყება.
ამჟამად პროექტში ინვესტიციას სრულად ახორციელებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო კომპანიებთან სტრატეგიული პარტნიორის მოზიდვის მიზნით.
წყარო: pia.ge
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი