|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია" - ირაკლი კობახიძე

"პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც დეცენტრალიზაციასთან და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ მაშინდელი თვითმმართველობა ილია ჭავჭავაძის იდეებს ეფუძნებოდა, რომელიც ამ ინსტიტუტის ერთერთი უმთავრესი ქომაგი იყო.

 „1919 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, ნოე ჟორდანიამ, მერობათა წარმომადგენლების მეორე ყრილობაზე, შემდეგი განაცხადა: „ჩვენი წეს-წყობილება დემოკრატიულია, დემოკრატია კი ორ ძალას ეყრდნობა: ქალაქს და სოფელს. გაძლიერება სოფლის და ქალაქის თვითმმართველობათა - აი, ჩვენი მთავრობის საზრუნავი საქმე. სადაც ეს თვითმმართველობანი ძლიერნი არ არიან, დემოკრატია სუსტია“. დღეს ქართული სახელმწიფო ინარჩუნებს იმ მემკვიდრეობას, რომელიც ეფუძნებოდა ილია ჭავჭავაძის იდეებს, რომელსაც ეფუძნებოდა ეს სიტყვები და რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა ჩვენი ერთერთი უმთავრესი საზრუნავია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მისი თქმით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარება 2004 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიკაციის მომენტიდან დაიწყო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიების შესახებ პირველი ნორმები აისახა 2010 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე გაამახვილა, სადაც, მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები კიდევ უფრო მკაფიო და  ქმედითი გახდა. 

„დღევანდელ კონსტიტუციაში ასახულია სუბსიდიარობის პრინციპი, ასახულია ყველა ის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება განვითარებული, ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ  ამ საკითხების კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის განვითარებისთვის პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას. 

„ამისთვის არის პირველ რიგში, საჭირო, მკაფიო ხედვის არსებობა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის  არსებობა და მოხარული ვარ, რომ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს მთავრობა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რა თქმა უნდა, პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში. ამ სტრატეგიის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დეცენტრალიზაციის განხორციელება, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილებისა და მეტი რესურსების გადაცემას და რა თქმა უნდა, ეს რეფორმა წარმატებული ვერ იქნება, თუ არ განხორციელდა შესაბამისი ინსტიტუციური რეფორმები და თუ არ გაძლიერდა ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსები. აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული ჩვენგანის საქმიანობა და ძალისხმევა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპი მოქალაქეთა ჩართულობაშია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ჩართულობის მექანიზმების დახვეწას უნდა დაეთმოს. მისი განცხადებით, ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე პარლამენტი მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს.

 

„თვითმმართველობა არაფერია, თუ არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა თვითმმართველობის, ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ამ ჩართულობის მექანიზმების დახვეწას და დღეს პარლამენტი, მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ასეთი ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეების მაქსიმალურად აქტიურ ჩართულობაზე ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში.

მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, ეს ფორუმი წარმოადგენს კიდევ ერთ ძალიან კარგ შესაძლებლობას იმისთვის, რომ თანმიმდევრული ხასიათი მიეცეს დეცენტრალიზაციის რეფორმას, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესს. ეს ფორუმი უნდა გახდეს, ასევე, საფუძველი იმისთვის, რომ მომზადდეს დახვეწილი სტრატეგია დეცენტრალიზაციისთვის“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა