,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებს"-გიორგი ჭიღვარია
,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებს და მსგავს შემთხვევებთან ვიქნებით შეურიგებელნი",-აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გიორგი ჭიღვარიას დავალებით ქალაქში მიმდინარე მშენებლობების შემოწმება დაიწყო, რომლის მიზანს ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პროექტთან შესაბამისობის დადგენა წარმოადგენს.
დარღვევა გამოვლინდა ქალაქის ისტორიულ ნაწილში, თამარ მეფის 10-ნომერში ქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში მიმდინარე მრავალბინიანი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობაზე, რომელსაც შპს ,,სახლი #1" აწარმოებს.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ობიექტის შემოწმებით დადგინდა, რომ მშენებლობა შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის და პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, რომელთაგან უმნიშვნელოვანეს დარღვევას წარმოადგენს ის, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შეთანხმებულია, როგორც 5- სართულიანი საცხოვრებელი სახლი სარდაფით და კომერციული ფართით, რეალურად კი აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარე წარმოადგენს 7-სართულიან შენობა-ნაგებობას. ამ და სხვა დარღვევების პროექტის შესაბამისობაში მოსაყვანად, 2017 წლის 14 დეკემბერს აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას ჩაბარდა მითითება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება მოხდება.
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ყველა სამშენებლო კომპანიას მოუწოდებს დაიცვან პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში, უკანონო მშენებლობებს და მსგავს შემთხვევებთან ვიქნებით შეურიგებელნი. ამიტომ ყველა სამშენებლო კომპანიას მოვუწოდებ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან სამშენებლო ნორმები. არ დაარღვიონ წესები და პატივი სცენ შეთანხმების ყველა დეტალს. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის პერიოდი, როცა მენაშენეები თუ სამშენებლო კომპანიები საკუთარი ინტერესებით მოქმედებებს და პატივს არ სცემენ წესებით შედგენილი პროექტის ნორმებს. ჩვენ არ დავუშვებთ ქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახის დამახინჯებას, არცერთი კომპანიის ინტერესებისთვის,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მერიის ინფორმაციით, კომპანიამ ნებართვით გაუთვალისწინებელი სართულების დემონტაჟი უნდა განახორციელოს.
ავტორი: ნიუპრესი