|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ქუთაისში საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო

ქუთაისში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეოდა. 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობა გააპროტესტეს. „არ დავუშვებთ რუსეთუმე კანდიდატი პრეზიდენტი გახდეს“-სკანდირებდნენ ისინი.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ირაკლი გვალიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქართველებს ადანაშაულებს თანამოქალაქეების გენოციდში.

„ზურაბიშვილი არის სამშობლოს მოღალატე, რუსეთუმე და რუსულ პოლიტიკას ატარებს საქართველოში. ათი ადამიანი რომ დავრჩეთ ამ აზრზე, არ დავუშვებთ მონა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას" , - განაცხადა  გვალიამ.

მესხიშვილის თეატრის წინ შეკრებილებმა თეატრში შესვლაც სცადეს. მათი თქმით, როგორც მოქალაქეებს შეხვედრაზე დასწრება უნდოდათ, თუმცა ისინი სალომე ზურაბიშვილის მომხრეებმა შენობაში არ შეუშვეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ კვლავ განახლდა აქცია,  რის გამოც პრეზიდენტობის კანდიდატმა მთავარი შესასვლელით ვერ ისარგებლა და შენობა სათადარიგო გასასვლელით დატოვა.

აქციის მონაწილეები ზურაბიშვილისგან მოითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, ვინ დაიწყო ომი.

სალომე ზურაბიშვილმა კითხვებზე არც ჟურნალისტებს უპასუხა და შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

აქციის მონაწილების შეძახილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების განაწყენება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი