|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აუცილებლად შევთანხმდებით - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებზე

რადგან ორივე მხრიდან საბოლოო ამოცანა ერთია, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესზე“ ისაუბრა.

როგორც თურნავა აღნიშნავს, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს რამდენიმე პლატფორმა შესთავაზეს.

„საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ადამიანებს, ვინც ადგილზე აპროტესტებენ ამ მეგაპროექტს, რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ.

ერთი, ეს არის ექსპერტთა საბჭო, გახსნილი პლატფორმა იმისთვის, რომ ნებისმიერ ექსპერტს, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის ნდობით აღჭურვილ ექსპერტს, ვინც ამას ხეობაში აპროტესტებს, კონკრეტულად გადახედოს კვლევას და თავის რეკომენდაცია წერილობით, დასაბუთებულად მოგვაწოდოს. ყველა რაციონალური შენიშვნა გათვალისწინებული იქნება. ამისთვის არსებობს მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე, კაშხალი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება.

მეორე პლატფორმა, ეს არის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც პირადად არის ჩართული და მალე ესტუმრება საქართველოს. მისი ფუნქციაა მედიაცია, ხშირად გვეხმარება ევროკავშირი მედიაციაში და ეს ნორმალური ცივილიზებული პრაქტიკაა.

იქ მდგომი ადამიანების უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებენ ამ პროექტს, გულწრფელი კითხვები აქვთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები არიან, ჩვენ, მთავრობაც მოწადინებულები ვართ, რომ გაძლიერდეს ჩვენი საქართველო ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, ადგილობრივი ენერგეტიკული რესური იყოს გამოყენებული, მათ შორის, ეს პროექტი კარგად შესრულდეს, ყველას ინტერესის დაბალანსებით. რადგან ორივე მხრიდან საბოლოო ამოცანა ერთია, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთში”,- აღნიშნავს თურნავა.

ავტორი: ნიუპრესი