"ახალი სპორტული კომპლექსი პარლამენტის მიმდებარედ აიგება"
"2017 წელი ქუთაისის ისტორიაში დარჩება",- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ამის მიზეზი კი ის სპორტული ღონისძიებებია, რომელიც მომდევნო წლისათვის არის დაგეგმილი.
„რაგბიში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ქუთაისში ჩატარდება. ერთი ჯგუფი ქუთაისში ითამაშებს, მეორე თბილისში. ამის გარდა 2017 წელს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში ასევე საქარველოში გაიმართება. ამ შემთხვევაშიც, ერთი ჯგუფი ქუთაისში ითამაშებს. ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააგებს სპორტულ კომპლექსს, რომელიც სპორტის სასახლეზე სამჯერ დიდი იქნება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება“,- განაცხადა შოთა მურღულიამ.
მისი თქმით, რაგბის უნიკალური კომპლექსი, რომელიც ამიერკავკასიაში საუკეთესოა, ქუთაისში "ქართუ ჯგუფმა" ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე გააკეთა. ჩემპიონატისათვის კიდევ რამდენიმე სპორტული მოედნის მოწყობის საჭიროებაა.
შოთა მურღულია მიიჩნევს, რომ ქუთაისს სპორტში კარგი შედეგები აქვს. მისი თქმით, მიღწევაა ისიც, რომ კალათბურთში „ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი“ სწორედ ქუთაისში გაიმართა. ამასთან ბოლო ათწლეულში ქუთაისმა პირველად შეძლო ამ თასის მოგება. რას შეეხება ფეხბურთს, ქალაქის მერის თქმით, ამ კუთხით რეფორმებია დაგეგმილი.
ამ საკითხებზე ქალაქის მერმა ტელეკომპანია "რიონის" ეთერში ისაუბრა.
ავტორი: ნიუპრესი