|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბაღებში გადასახადი მძიმედ დაარტყამს თითოეული ქუთაისელის ბიუჯეტს"

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, საბავშვო ბაგა-ბაღებში გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით, საზოგადოებასა და ოპოზიციაში უკმაყოფილება მოყვა. მშობლების  განცხადებით, რაოდენ მცირეც უნდა იყოს გადასახადი, ის მაინც მძიმე ტვირთია, როგორც მცირე, ისე საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის. გადასახადის შემოღებას არასწორად მიიჩნევს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაცია. 

„ჩვენი ორი და სამი ბავშვი დადის საბავშვო ბაღში, უფროსი სკოლაში და ბაღში გადასახადის დაწესება ნამდვილად არ იქნება მარტივი. ისედაც, უამრავი ხარჯია ოჯახში და შემოსავალი არ იზრდება. 15 ლარიც რომ იყოს, მაინც რთულია, თუნდაც საშუალო შემოსავლის მქონდე ოჯახისთვის, თუ გავითვალისწინებთ, საშუალო შემოსავალი, რაც არის ქვეყანაში.  ამას თან ერთვის გაზრდილი ტარიფები და მცირე შემოსავლები, “-აცხადებენ მშობლები .

მთავრობის მეთაურის ინიციატივას უარყოფითად აფასებს ოპოზიციაც.  ქუთაისის  საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ეს დაპირებაც ფუჭი აღმოჩნდა და მმართველი გუნდი თავის თავს ეწინააღმდეგება.  

„სამწუხაროდ, ეს მძიმედ დაარტყამს თითოეული ქუთაისელის ბიუჯეტს, 2-3 ბავშვის შემთხვევაში, რაც  უნდა საშუალო შემოსავლანი იყო,  შეუძლებელია, ეს ტვირთი აიღო. „ქართული ოცნება“ უკვე თავის თავს ეწინააღმდეგება. აღმოჩნდა, რომ მათი წინასააარჩევნო დაპირებები გრძელი სადღეგრძელოები იყო, კარგად მოსასმენი, მაგრამ რეალობასთან შეხება არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ ან სურვილი არ გააჩნია, ან  რესურსი, რომ შეასრულოს ის დაპირებები, რაც გასცა. ამ ინიციატივას უარყოფითად ვაფასებთ.  ის ზარ-ზეიმი, რომელიც მათ ქონდათ, რომ ბავშვებს მოუხსნეს  გადასახადები, აღმოჩნდა ფუჭი, როგორც სხვა დაპირებები“-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ევროპული საქართველოს“ წევრის მერაბ მეშველიანის განცხადებით, მთავრობის ინიციატივა, ერთი რომ მძიმე ტვირთად დააწვება ოჯახებს, ასევე შეიცავს რისკებს ოჯახთა დიფერენციაციის მიმართულებით.

„ეს მძიმე ტვირთად დააწვება ოჯახებს, რადგან მათ არ შეეძლებათ გადაიხადონ თანხა. თავის დროზე ბაღებში გადასახადის გაუქმება იყო ხელისუფლების მიღწევა და ახლა გადასახადის შემოღება არ მიგვაჩნია სწორად. ჩვენ ვიცით, რომ ეს ინიციატივა განხილვის ეტაპზეა, მაგრამ აქ საჭიროა სიღრმისეული შესწავლა. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რაც გულისხმობს 1000 ლარიანი ვაუჩერის გადაცემას ოჯახებისთვის, რაც შეეხიდება ოჯახებს. ამით ისინი თავად გადაწყვეტენ სად წაიყვანონ ბავშვები. მთავრობის განცხადება,  თითქოს, ეს ინიციატივა რაიმე რისკებს შეიცავს, არ არის სწორი და სიტყვით განცხადებას, არგუმენტების წარმოდგენა სჯობს, მაგრამ ეს არგუმენტები ჯერჯერობით არ არის. მე ვფიქრობ, რისკებს  ბაღებში გადასახადის შემოღება უფრო შეიცავს, რადგან მოხდება ოჯახების დიფერენციაცია შეძლებულებად და შეჭირვებულებად, “-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

ბაღებში გადასახადის დაწესების ინიციატივას უარყოფითად აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურიტსთა ასოციაციის“ პროგრამების ხელმძღვანელი ნოდარ ჯიქია. როგრც მან არასამთავრობოების ყოველთვიურ შეკრებაზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის რეალობად ქცევა ბაღებში ბავშვთა ნაკადის შემცირებას გამოიწვევს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს უნდა ესმოდეს, რომ ბაღების საკითხი არის თვითმმართველობის პრეროგატივა.

"ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავის გასაკეთებელ საქმეებს უნდა მიხედოს. ბაღები არის თვითმმართველობების პრეროგატივა და უნდა ესმოდეთ, რომ გადაწყვეტილებაც თვითმმართველობამ უნდა მიიღოს. ვითხოვთ, სკოლებიც თვითმმართველობებს გადაეცეს და ახლა ვხედავთ, რომ ბაღებზეც ცენტრალური ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას. ეს ინიციატივა შეამცირებს ბაღებში ბავშვების ნაკადს. როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული უფასო ბაღებზე, გაორმაგდა ბავშვთა ნაკადი, სოფლებში, სადაც არ იყო ბაღები,  იქ გაიხსნა. ქუთაისში ორის საბავშვო ბაღი აშენდა და რვა ბაღზე მიშენება გაკეთდა, ეს იმიტომ, რომ ნაკადი გაზრდილია, “-განაცხადა ნოდარ ჯიქიამ.

ოპონენტებს არ ეთანხმება ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველი. დავით წიტაიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჯერ მხოლოდ განხილვის ეტაპზეა და გადაწყვეტილებაც იმგვარად იქნება მიღებული, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა.

„არ შემცირდება ნაკადი,  იმიტომ, რომ  ვიცით, რა როგორ არის.  ეს არის პროექტი და საუბარი ჯერ არ არის ფორმებზე. ეს რამდენიმე თვეში არ იქნება,  ამიტომ ჩვენ კარგად ავწონით და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.  ისე გაკეთდება, რომ არ დაზარადეს არცერთი ბავშვი და ოჯახი, თუ გადასახადი დაწესდება, მორგებული იქნება იმ გამოწვევებს,  რაც არის მოსახლეობაში.

ჩვენთვის პრიორიტეტია ბავშვი და რომ არ დაზარლადეს, ყველაფერი მოხდება ამისთვის. ოპონენტებს მინდა ვუთხრა, მოვლენებს ნუ გაუსწრებენ“,-განაცხადა დავით წიტაიშვილმა. მან ასევე განმარტება გააკეთა საკითხის პრეროგატულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების და თვითმმართველობების გადაწყვეტილება იქნება თანხვედრაში.

„შეგიძლიათ, კითხოთ ოპონენტეს, თვითმმართველობა რაში ხარჯავს ყევლაზე მეთ თანხებს?  მუნიციპილიტეტები ბაღებზე ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხებს, რაც მიანიშნებს იმას, თუ რა არის პრიორიტეტი და ჩვენ ამას არ დავაკნინებთ, პირიქით, მაღალ დონეზე რომ ავწიოთ, იმაზე ვფიქრობთ.  თვითმმართველობა არ არის ცალკე დამოუკიდებელი, ის იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, მაგრამ, ის რაც პრიორიტეტადაა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული,  იქნება პრიორიტეტად და ამაში ცენტრალური მთავრობა და თვითმმართველობა იქნებიან თანხვედრაში“-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

ქუთაისში 37  ბაგა-ბაღია. ბაღებში დაახლოებით 10 000 ბავშვი დადის. ბაგა-ბაღების ბიუჯეტი 9 800 000 მილინია.

შეგახსნებეთ,  პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო გუნდის წარდგენისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ბაღებში გარკვეული კატეგორიის ოჯახის ბავშვებისთვის სწავლა ფასიანი გახდეს. პროექტი ჯერჯერობით მუშავდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი