"ბოტანიკური ბაღი არგონავტიკის თემატიკით უნდა დაიტვირთოს"
„ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ცოტა ხნის წინ სახელწოდება შეეცვალა და მას „ქუთაისის ბოტანიკური ბაღი-მედეა" ეწოდა. როგორც ბაღის დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი აცხადებს, სახელწოდების შეცვლა მისი იდეა იყო.
თემურ ჩეჩელაზვილის აზრით, ბაღი მთლიანად უნდა მოეწყოს არგონავტიკის თემატიკის მიხედვით.
"ბოტანიკური ბაღი უნდა დაიტვირთოს მთლიანად არგონავტიკის თემატიკით. სადაო არ არის, რომ აიეტის სამეფო აქ იყო და "არგო" აქ შემოვიდა. სადაო არც ისაა, რომ მედიცინა ამ სახელწოდებით რომ არსებობს, ეს მედეას სახელს უკავშირდება, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი, რომ ეს კოლხი ასული სწორედ აქ შეხვდა იაზონს და აქ ამზადებდა იმ წამლებს, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე მედიცინას, ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც თვალსაჩინო, რომლითაც დავაინტერესებთ მნახველს. მინდა, მედეას მონუმენტი დაიდგას ბაღში, მედიცინის ლოგოთი... ჯერჯერობით პროექტი მომზადების პროცესშია, მზად ვარ ყველასთან თანამშრომლობისათვის, ვინც ამ იდეის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების სურვილი ექნება", -აცხადებს ჩეჩელაშვილი.
მისი თქმით, პროექტის განხორციელებისათვის თანხა, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტში არ ჩაიდება. ამ ეტაპზე იგეგმება საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც ბაღს ქალაქის ისტორიულ უბანთან დააკავშირებს.
"იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს აიგება საფეხმავლო ხიდი, რომლის გაკეთებას მხოლოდ ქალაქი ვერ შეძლებს, საჭიროა თანხის რეგიონალური განვითარების ფონდიდან მოძიება", -განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა.
როგორც ქუთაისის მერიაში განაცხადეს, ტენდერში შპს "სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა" გაიმარჯვა. უკვე მოხდა ადგილის გეოლოგიური კვლევა, ამ ეტაპზე დოკუმენტაცია გადაგზავნილია კულტურული მომკვიდრეობის სააგენტოში. პროექტის ღირებულება 2 მლნ 700 ათასი ლარია, სავარაუდოდ პროექტის დაფინანსება 2018 წელს რეგიონალური განცითარების ფონდიდან მოხდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე