|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცეკვა-სიმღერა და საეჭვო საკვები ქუთაისის "მადლიერების სახლში"

„ქუთაისის მადლიერების“ სახლში არსებულ მდგომარეობას „სურსათის ეროვნული სააგენტო“ სწავლობს. უწყების ააიპში შესვლა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებმა საკვებში თაგვის ექსკრემენტები იპოვეს. ბენეფიციარების თქმით, პრობლემა მასშტაბურია და დაბინძურებული საკვების გამო მხოლოდ პურით სარგებლობენ.

მომხდარის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე საქმის შესწავლა დაიწყო. პირველადი ინფორმაციით, შენობაში არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამება.

ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ  საკვებში აღმოჩენილი უცნობი შემადგენელი  არა მღრღნელების ექსკრემენტი, არამედ ბარდის მარცვალია. ექსპერტიზის დასკვნა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თუმცა დაბინძურებული საკვები ერთადერთი პრობლემა არ არის, რასაც ორგანიზაციას ედავებიან. ამ მოვლენებს წინ უძღვოდა მადლიერების სახლში მონიტორინგის სამსახურის გაუქმება, რის გამოც საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. 

მადლირების სახლი“, რომელიც  მერიის ააიპს წარმოადგენს,  ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი შემოსავალი 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით,  620 ათასი ლარია განსაზღვრული.

"მადლიერების სახლი" ყოველდღიურად დაახლოებით 800-მდე  ბენეფიციარის ემსახურება. ბენეფიციარები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა სტატუსს ატარებენ, ერთჯერადი კვებით სარგებლობენ. 

ააიპში პრობლემებზე საუბარი ახალი  ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ დაიწყო.  თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ბენეფიციართა სია 121 ადამიანით შემცირდებოდა. ინფორმაცია საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ გააჟღერა, მისი თქმით, 121 ბენეფიციარი ყოველდღიური კვების გარეშე რჩებოდა.

ინფორმაცია არ დაადასტურა ვიცე-მერმა ნინო თვალთავაძემ და განმარტა, რომ ხდებოდა ბენეფიციართა მდგომარეობის შესწავლა. მისივე განცხადებით, ქალაქის ბიუჯეტიდან საკვებს ისინიც იღებდნენ, რომელთაც არ ეკუთვნოდათ, რადგან სოციალურად დაუცველები არ იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ მერიამ ჯერ მიიღო გადაწყვეტილება  ბენეფიციართა სიის შემცირების შესახებ, განსაზღვრა, რომ 121 ადამიანი დაუმსახურებლად იკვებებოდა და ამის შემდეგ დაიწყო ამ ადამიანთა სოციალური მდგომარეობის შესწავლა.  

ამავდროულად, ააიპში რეორგანიზაცია მიმდინარეობდა. ახალი ხელმძღვანელის თამთა ბაკურაძის გადაწყვეტილებით, გაუქმდა მონიტორინგის სამსახური, რომლის პრეროგატივაც   „მადლიერების სახლის“ ყოფილი თანამშრომლის განმარტებით, არსებული მდგომარეობის მონიტორინგი იყო. მერიაში განმარტეს, რომ მონიტორინგის ჯგუფის გაუქმებით დაიზოგა თანხები და რომ მათი ფუნქცია მერიის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს დაეკისრათ. 

„გათავისუფლებული თანამშრომლები არიან მონიტორინგის ჯგუფის წევრები და ეს ჯგუფი გაუქმდა, მათი ფუნქციები დაეკისრათ მერის წარმომადგენლებს.  მათ კარგად იციან თავიანთ უბნებში მოქალაქეთა მდგომარეობა. მონიტორინგის ჯგუფის გაუქმებით დაიზოგა თანხები, რასაც ოპოზიციაც ითხოვდა", -აცხადებენ მერიაში. 

საწინააღმდეგოს ამტკიცებდა მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი მაგული გიორგაძე, რომელმაც საქმის შესასწავლად პროკურატურას მიმართა, ასევე სასამართლო დავა დაიწყო ააიპის ხელმძღვანელთან.  „მადლიერების სახლის“  ყოფილი თანამშრომლები ააიპის ხელმძღვანელს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, თამთა ბაკურაძემ  26 მარტს დასრულებული რეორგანიზაცია გააუქმა,  არასწორად შეადგინა საბუთები და რამდენიმე დღეში თანამშრომლები გაათავისუფლა.

გათავისუფლებულები  სამსახურიდან გაშვებას სწორედ ბენეფიციართა სიის შემცირებას უკავშირებენ, მათი თქმით, ხელმძღვანელმა მათ წინააღმდეგობა არ აპატია. კერძოდ, მაგული გიორგაძის მტკიცებით, მონიტორინგის ჯგუფის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ სიის შემცირებას, როს გამოც ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებს მიმართეს.

გიორგაძის თქმით, არ იყო სწორი ბენეფიციარების შემცირება, ვინაიდან ყველა მათგანისთვის ერთჯერადი საკვები სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. გათავისუფლების  გამო სამმა თანამშრომელმა სასამართლოს მიმართა, ასევე საქმის შესწავლა დაიწყო პროკურატურამ და სახალხო დამცველმა. ამასთან, გიორგაძის თქმით, მან წერილობით მიმართა ბიძინა ივანიშვილს და აცნობა, „მადლირების სახლში“ განვითარებული მოვლენები და ის ფაქტი, რომ მისი ხელმძღვანელი პარტიის ბიუროს წევრად დაინიშნა.

გიორგაძე თამთა ბაკურაძეს თანამშრომლებთან არასახარბიელო მოპყრობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „მადლიერების სახლის“ ხელმძღვანელმა საბუთები გააყალბა და ხელფასს უხდის ადამიანს, რომელმაც ქვეყანა 2017 წლის დეკემბერში დატოვა.

ყოფილი თანამშრომელი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ „მადლიერების სახლში“ დაინიშნა კულტურის ააიპის ყოფილი ხელმძღვანელი.

„მადლიერების სახლში“ გადმოიყვანეს ელისო ქაროსანიძე, რომელიც სამსახურში არ დადის. თამთა ბაკურაძის თქმით, მერი და მის მოადგილე თხოვდნენ, მისთვის მცოცავი გრაფიკი შეედგინათ, ეს ადამიანი იღებს ხელფასს და კვირაში 2-ჯერ მიდის სამსახურში. ასევე ნინო თვალთვაძის "პროტეჟეობით" დაინიშნა სხვა თანამშრომელი, მას შემდეგ,  რაც თურმე მონიტორინგის სამსახური არ ყოფილა საჭირო და იმიტომ გაუქმდა, ისევ შეიქმნა ეს შტატი და ახალი თანამშრომელი ყავთ. ჩვენი „მადლიერების სახლი“ მოწინავე იყო მთელს ქვეყანაში და მადლობებსაც ვიღებდით. როგორ მაკადრეს კრიმინალი, რომ მიწოდეს თითქოს თანხების გაფლანგვა გვქონდა, არ ვაპატიებ მათ ჩემს შეურაცხყოფას, სასამართლოს ძალით ვიბრძოლებთ, თუ მართლები არიან, მოგვაწოდონ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციას შტატებთან დაკავშირებით“, -აცხადებს მაგული გიორგაძემ.

მისივე ინფორმაციით, თამთა ბაკურაძის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ექიმის შტატი და ყოფილი თანამშრომელი რამდენიმე თვიანი ხელშეკრულებით აიყვანეს.

რეორგანიზაცია „მადლიერების სახლში“ წლის დასაწყისში დაიწყო, იმ დროისთვის შტატების შემცირებას არ ადასტურებდა ხელმძღვანელი, თუმცა საუბრობდა არსებულ პრობლემებზე და აცხადებდა, რომ თანამშრომლების მიერ არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების გამო სისუფთავის დაცვაზე ზრუნვა თავად უწევდა. ამასთან, ყოფილი თანამშრომლის თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში „მადლიერების სახლში“ კულტურის მიმართულებით დაინიშნა თანამშრომელი, რაც ხელმძღვანელობამ ბენეფიციართა კულტურულ განვითარებაზე ზრუნვით ახსნა და განმარტეს, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეში ერთჯერადი საკვებისთვის ქალაქის მასშტაბით იკრიბებიან, მხოლოდ საკვები არაა მთავარი და მათი კულტურული განვითარება მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად, კულტურის სამსახური ქალაქის მერიაში გაუქმდა და მის ნაცვლად 6 წევრიანი განყოფილება შეიქმნა. 

„მადლიერების სახლის“ და ყოფილი თანამშრომლების სასამართლო დავა გრძელდება. როგორც ცნობილი გახდა, ააიპის ინტერესებს ადვოკატი გურამ გვენცაძე დაიცავს, რომელიც ყოფილი თანამშრომლების  ინფორმაციით, ააიპმა შტატგარეშე თანამშრომლად დაიქირავა და ის, ყოველთვიაურად ააიპიდან ხელფასს მიიღებს. რაც შეეხება მოდავე მხარეს, მათი ინტერესების დამცველად „საია“ არის წარმოდგენილი.

 

 

ქუთაისის "მადლიერების სახლის" დირექტორად "ქართული ოცნების" კადრი დაინიშნა

"ქუთაისის მადლიერების სახლში ბენეფიციარების შემცირება იგეგმება"

"მადლიერების სახლის" ბენეფიციარებისთვის კვებითი მომსახურების შეწყვეტის საკითხი გადაიდო

ქუთაისის "მადლიერების სახლის" თანამშრომლები გათავისუფლებას აპროტესტებენ

"ეს ის ადამიანები არიან, ვინც აპროტესტებდა 121 ადამიანის საშიმშილოდ გამეტებას"

"მადლიერების სახლის" ბენეფიციართა სიის გადამოწმება დასრულდა

„მადლიერების სახლის“ მმართველის წინააღმდეგ პროკურატურას და სასამართლოს მიმართეს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი