|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩემი, თქვენი, ყველას ვალდებულებაა მივიდეთ არჩევნებზე - სალომე ზურაბიშვილი

დამარცხება გაყალბების, (რომელიც ყველა მხრიდან მზადდება, რასაც ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ) არის მობილიზაცია, არის არჩევნებზე ყველას მისვლა, ჩემი, თქვენი, ყველას ვალდებულებაა მივიდეთ არჩევნებზე. არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ -ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყნის წინაშე ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი შეიძლება ითქვას უახლოეს პერიოდში არ ყოფილა. 

„19 დღე რჩება არჩევნებამდე, ეს ალბათ, ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ისეთი გადამწყვეტი მომენტია, რომელიც უახლეს ისტორიაში შეიძლება არც გვქონია. 

მინდა, პირველ რიგში, თქვენი ყურადღება მივაპყრო ჩვენს დიასპორას, რომელიც ამ დღეებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ძალიან გააქტიურებულია. ცესკოს, საგარეოს, საკონსულოების (ყველა ჩართული იყო იმაში) - ყველა უწყებების მცდელობის მიუხედავად, რომ ყველანაირი შეფერხება ყოფილიყო, დიასპორამ მაინც დიდი რაოდენობით შეძლო აღრიცხვაზე ჩაწერა. 

ახლა საკონსულოების, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკოს პასუხისმგებლობაა, ისე მოაწყონ ეს საარჩევნო უბნები, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ეს უშუალოდ მათი პასუხისმგებლობა იქნება, თუ სადმე არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა, რათა რეგისტრირებულმა ადამიანებმა ხმის მიცემა არჩევნებისთვის განკუთვნილ დროში შეძლონ. ეს ძალიან სერიოზული გაფრთხილებაა. 

მეორე, რომ ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველა ხმების დასაცავად უნდა მოვემზადოთ და ამაში თქვენ, ყველანი ხართ პასუხისმგებელი საკუთარ ხმაზე, არჩევნებზე გამოცხადებაზე - ყველა - თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე. 

ამ შემთხვევაში, თუ უცხოეთში მყოფი თქვენი ახლობელი ვერ ჩაეწერა, არ ჩაწერეს, ან ამოიღეს სიიდან და ა.შ. - თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თქვენ თქვენი ხმა გამოიყენოთ მათთვის და თქვენი ხმა დაიცვათ, ვიტყოდი, ორმაგად. ხმის დაცვისთვის საჭიროა დამკვირვებლები, არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს, სადაც უნდა ჩაეწეროთ. 

მინდა მივმართო ახალგაზრდებს - თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და თქვენი მომავალი კი, 26 ოქტომბერს წყდება, ამიტომ, თქვენი დიდი პასუხისმგებლობაა და თქვენ უთუოდ იქნებით თქვენი ხმების დამცველები. 

არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას სწორედ ამ ტრენინგებისთვის და დამკვირვებლებისთვის, ეს არის „ჩემი ხმა“ და მინდა, მოგიწვიოთ და თქვენ, ყველამ იგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა - დამკვირვებლად ყოფნა, რაც არჩევნების დღეს ყველას გამხნევებაა. 

და რაც მთავარია, მობილიზაცია - არჩევნებზე მისვლა! არაერთხელ მითქვამს, მინდა გავიმეორო და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ დამარცხება გაყალბების, (რომელიც ყველა მხრიდან მზადდება, რასაც ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ) არის მობილიზაცია, არის არჩევნებზე ყველას მისვლა. ასე რომ, ჩემი, თქვენი, ყველას ვალდებულებაა მივიდეთ არჩევნებზე. არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, დავიცვათ მისი დამოუკიდებლობა, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი - ეს ჩვენ ხელშია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა