|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადვილი არ არის არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენება" - პაატა ნადირაძე

ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე მისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ არსებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

"ჩემთვის თანამდებობიდან გადადგომა არავის მოუთხოვია. ასე ადვილი არ არის არჩეული მერის გადაყენება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", -განაცხადა პაატა ნადირაძემ "ნიუპრესთან" საუბარში. 

ჭიათურის მერი დაპირისპირების სხვა დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 13 ივლისს რესტორანში "შუა გზა" მომხდარ  ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჯერჯერობით დასრულებული არ არის.   სისხლის სამართლის საქმე 126-ე ძალადობის მუხლის არის აღძრული.

ინციდენტში ჭიათურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ფიგურირებენ. ისინი  მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. 

 მომხდარიდან მოკლე ხანში  საკრებულოს თავმჯდომარემ ინა ასანიძემ თანამდებობა, პარტია "ქართული ოცნება" და ქვეყანაც კი დატოვა. 

ჭიათურის მერის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში აქტიურად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. ისინი ქალაქის მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის დაპირისპირებაზე მიუთითებენ. თავის მხრივ, სულხან მახათაძე მომხდარს  ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს. 

ავტორი: ირინა მაკარიძე