ურთიერთბრალდებები "მწერალთა სახლის" გამო-ქუთაისში მწერლები ერთმანეთს უპირისპირდებიან
"მწერალთა სახლის" გაყიდვის ფაქტს ქუთაისში სხვადასხვაგვარი შეფასება მოყვა. საზოგადეობის ნაწილმა შენობის გაყიდვა უარყოფითად შეაფასა და მიმდინარე მოვლენებში "მწერალთა სახლის" თავმჯდომარე დაადანაშაულა. თემურ ლანჩავას შენობის განადგურებაში ბრალი დასდო მწერალმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორმა გიზო თავაძემ. ბრალდებებს ბრალდებებითვე უპასუხა თემურ ლანჩავამ, რომლის თქმითაც, მან შენობა სამი ათეული წელი შეინახა და მსურველებს მისი გაყიდვის უფლება არ მისცა.
ლანჩავა ღიად უპირისპირდება მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის დირექტორს გიზო თავაძეს და მას საკუთარი თანამდებობის არასამსახურეობრივ საქმიანობაში გამოყენების გამო ადანაშაულებს.
"უსაქმურობით გონებაარეული ბრბო, ხშირად თავს ირთობს მოლაყბეთა "სიახლეებით" და ცდილობს სულის ხვაშიადი ასე განიქარვოს. ასეთი მსმენელებით სარგებლობენ უნიჭო, სხვისი წარმატებებით დაბოღმილი მოლაყბეები და ჭორაობენ.
ყველა, ყველა, მაგრამ, ამ უნიჭო გიზო თავაძეს რა სურს ჩემგან, ვერ გამიგია, რაც მნიშვნელოვანია მის ბიოგრაფიაში, ჩემი ნაბოძარი და მისი მათხოვრობის შედეგია. ახლა რაღა უნდა, ვერ დავაზუსტე.
კაცი რომ იყოს, ერთს მაგრად მივბეგვავდი და თავს უკეთ დავამახსოვრებდი, მაგრამ არაკაცია და მიჩივლებს და ცრუ მოწმეებსაც მრავლად ნახავს. ყოფილი გუბერნატორის ბატონი აკაკი ბობოხიძის ჭირი მოვჭამე და ჩემი და ჩემი მეგობრების თხოვნით ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსობა ვუბოძეთ. იცინოდა ხალხი ამაზე, მაგრამ ჩავაჩუმათეთ. მერე სადაც ფეხი მოიკიდა, ყველაფერი მის სასარგებლოდ გამოიყენა. ბევრი საჩივარი დაიწერა კიდეც მასზე, მაგრამ პატრონობდნენ.
გუბერნატორობიდან წასვლისას ბატონმა აკაკი ბობოხიძემ გვთხოვა, ცოტა ხნით შეინარჩუნეთ, ფეხებში ნუ მომაყოლებთო, ესეც შევუსრულეთ.
მაგ უმადურს ცოდვით ისიც ეყობა ღვთისნიერი, უპატიოსნესი კაცი გიორგი შავგულიძე, რომ საჯარო ბიბლიოთეკიდან ტყუილ-უბრალოდ გაათავისუფლა და მისი მეგობარი დანიშნა. სიმართლის ძებნაში დალია სული ცხონებულმა გიორგიმ",-განაცხადა თემურ ლანჩავამ, რომელმაც გიზო თავაძე საკუთარი წიგნების დაბეჭდვაში დაადანაშაულა.
"კულტურის სამსახურის უფროსობა გამოიყენა და მესხიშვილის თეატრის მსახიობები აწამა, მისი უნიჭო პიესა დაადგმევინა, რომელზეც დიდი დრო და თანხა დაიხარჯა და უსუსური სპექტაკლი ერთ თვეში მოიხსნა. ყოველ წელს სცემდა მის უნიჭო წიგნებს, ერთი დადებითი რეცენზია არ დაწერილა მათზე. მერე დაკრეს ყანღური და... ამბობენ, იმ სამსახურში, სადაც ახლა ყოყლოჩინობს, ფულს შოულობს და ბევრ დანაშაულს ჩადის, მაგრამ ვინაა გამკითხავი.
ერთი დროს რევოლუციონერობას იბრალებდა, იმასაც მერაბ კოსტავასთან ვახლობლობდიო, ვაი იმ ახლობლობას. სწორედ იმ ღამით, როცა ბატონი მერაბი მის სახლში სტუმრობდა, დაათრო და ავარიაში დაიღუპა.
ვინ იცის, ამის შესახებ რა არ ითქვა, ესეც ჩაფარცხეს. ახლა, ასეთი კაცი ჩემზე წერს აბდაუბდებს და მიედ-მოედება.
შვიდი წელი მწერალთა კავშირში არ შევსულვარო, თავს, რომ იწონებს, რა დააკლდა მისი არყოფნით მწერალთა კავშირს, საკვირველია, მწერალი დააკლდა თუ ღრმად მოაზროვნე? ინტრიგანი ვის რად უნდა, ისიც ისეთი, როგორიც გიზო თავაძეა"- აცხადებს ლანჩავა.
რაც შეეხება მწერალთა სახლის გაყიდვის ფაქტს, ლანჩავა ირწმუნება, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და მას ბევრი მსურველი ყავდა.
"რაც მთავრობამ მწერლობისადმი ყურადღება მოადუნა, ათასი ვინმე დასტრიალებდა თავს, რომ დასცხრომოდა. სამი ათეული წელი ვპატრონობდი და ბოლოს ვყარაულობდი, რომ მწერლებისთვის ისიც არ წაერთმიათ. ბოლო ათი წელი არავინ გვაფინანსებდა, პირიქით, იმას ცდილობდნენ, რაიმე ხელმოსაჭიდი გამოენახათ, რომ წაერთმიათ. მოახერხეს კიდეც.
ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორადაც ქალაქის მერი შოთა მურღულია გვპასუხობს. ისიც ამბობს, მწერალთა სახლის ადგილზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება.
ისე, მინდა იცოდნენ, ქალაქის მერისა და ჩემდამი მტრულად განწყობილმა ტაკიმასხარებმა, რომ შენობის ქალაქის მერიაზე გადმოცემა, ისევ ჩემი ხვეწნა-მუდარით და ქალაქის მერის უშუალო ჩარევით მოხერხდა. მოხერხდა, იმ ღირსეული ხალხის დახმარებით, რომელმაც ჩვენთან ერთად მოაწერა ხელი შენობის დაბრუნებაზე“,-აცხადებს ლანჩავა და ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს მას შენობაში ორ ბინას აძლევენ, ტყუილია, რისთვისაც, შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს.
„რაც შეეხება უვიცთა ბრალდებას, რომ შენობის გაყიდვით მეც ვსარგებლობ, ტყუილია და მოგონილი, რისთვისაც შეიძლება ვუჩივლო მოლაყბეებს.
ჩვენ რაში მოგვცემდა ვინმე თანხას, ან რაიმეს, როცა შენობა ხუთი წელია ჩვენი აღარ არის და არც არავისთვის არაფერი მოგვითხოვია.
აქვე მინდა დავძინო, სამი ათეული წელია, მე ამ შენობის კიბესთან ძაღლივით ვიყავი მიბმული და მის მოსურნეებს ავად ვუყეფდი, თუ ვინმეს მართლა ეკუთვნოდა ამ ერთგულებისთვის საფასური მათ შორის მეც... სიამოვნებით მივიღებდი კუთვნილ გასამრჯელოს"-განაცხადა თემურ ლანჩავამ.
„მწერალთა სახლი“ აუქციონზე სხვა ობიექტთან ერთად1 400 460 ლარად გაიყიდა. შენობა კომპანია m²-მა შეიძინა, რომელიც ადგილზე სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, სადაც მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, რომელიც გარკვეულ ფართებთან ერთად ქალაქს გადაეცემა.
შეგახსენებთ, საზოგადოების წარმომადგენლებმა მწერალთა კავშირის ორგანიზაციის ადგილობრივ თავმჯდომარეს ბრალი შენობის მიზანმიმართულ გაპარტახებასა და შემდგობ პირადი დაინტერესებით გასხვისებაში დადეს.
"რას არ ამბობენ მწერალთა სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით: „ის, კოლექტივის თავმჯდომარე, ორ ბინას იღებს სამაგიეროდო”... „ადრეც აპირებდა ამ ადგილის გაყიდვას და რამდენიმე ბიზნესმენსაც საიდუმლოდ ელაპარაკებოდაო...“
„ერთ-ორ მწერალს (ხმა რომ არ ამოეღოთ) ერთოთახიან ბინასაც პირდებოდაო...“ „ასი ათასი დოლარი აიღო ამ ადგილშიო“...
და ამას ლაპარაკობენ მწერალზე... და ამას ლაპარაკობენ მწერლები...- წერდა გიზო თავაძე სოციალურ ქსელში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი