"რუსეთში ტურისტულ გამოფენაზე ბოლოს 2016 წელს ვიყავით"-ტატო ლილუაშვილი
ქუთაისის ტურისტული ცენტრის მონაცემების თანახმად, წელს ცენტრში შესული ტურისტების რაოდენობა მცირედ, მაგრამ მაინც აღემატება გასული წლისას. როგორც ქუთაისის მერიის ააიპ "ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი აცხადებს, 20 ივნისის შემდეგ დინამიკა მნიშვნელოვნად შემცირდა.
კითხვაზე, თუ რატომ გახდა რუსეთიდან შემოსულ ტურისტებზე ადგილობრივი ტურისტული ინდუსტრია ასე დამოკიდებული, ტატო ლილუაშვილი აცხადებს, რომ მათ განსაკუთრებული ძალისხმევა რუსეთიდან ვიზიტორების მოწვევაში არ გაუწევიათ.
"რუსეთში ტურისტულ გამოფენაზე ბოლოს 2016 წელს ვიყავით, მას შემდეგ არ ვყოფილვართ. ჩვენი ტურისტული ცენტრი 2016 წლის მაისში შეიქმნა, მერიის მიერ, ყოველგარი კვლევის გარეშე, უკვე დაგეგმილი იყო მოსკოვის გამოფენაში მონაწილეობა, სადაც სექტემბერში იყვნენ ჩვენი თანამშრომლები, მე, პირადად არ ვყოფილვარ. იმ დანახარჯით, რაც მოსკოვის გამოფენა დაჯდა, მე თელავივის გამოფენაზე მირჩევნოდა ჩასვლა. ჩვენი პოლიტიკა ასეთია, რომ რუსეთში ჩასვლას დავანებეთ თავი, რადგან რუსეთიდან ტურისტი მაინც ჩამოდის, არ ჭირდება ბევრი რეკლამა, მათ ისედაც აქვთ ინფორმაცია და ჩვენი ჩასვლა და ამაში ფულის ხარჯვა არ იყო მიზანშეწონილი. თუმცა, ჩვენ რომ დიფერენცირება გავაკეთოთ, რომ რუსი ტურისტი არ გვინდა, ეს იქნება ჩვენთვის დამაზიანებელი", - აცხადებს ტატო ლილუაშვილი.
6 თვის მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისის ტურისმის საინფორმაციო ცენტრს - 6560 ვიზიტორი ეწვია, 2019 წლის - 7817 . პროცენტულად წელს 20% - ით მეტი ტურისტია შემოსული. შემოსულ ტურისტთა ტოპ ათეულში პირველ ადგილზე პოლონეთი, მეორეზე - გერმანია, ხოლო მესამე ადგილზეა რუსეთიდან შემოსული ვიზიტორები.
ლილუაშვილის თქმით, ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა მიღება იგეგმება, მათ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტურიზმის ადმინისტრაცია აწვდით, საიდანაც ქუთაისი თავად ირჩევს სამიზნე ქვეყნებს. ამგვარად, იმყოფებოდნენ ევროპის ქვეყნების, ასევე აშშ-ში გამართულ გამოფენაზე, სადაც წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.
ლილუაშვილის თქმით, წელს ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა 4 გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რაც ბიუჯეტს 48 ათასი ლარი დაუჯდა.
"წელს პირველად იყო წასული საქართველო ამერიკაში, გამოფენაზე, სადაც ჩვენც წავედით. ინტერესი იყო, ვფიქრობ, რომ ეს უკვე გამოჩნდება შემდეგ ტოპ ათეულში. მეორე გამოფენა გვქონდა ავსტრიის დედაქალ ვენაში, მესამე - თელავივში, მეოთხე - ყველაზე დიდი გამოფენაა მსოფლიოში - ბერლინში. ამით მთავრდება გაზაფხულის გამოფენები. შემოდგომაზე ვგეგმავთ პარიზში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და ვარშავაში გამგზავრებას", - აღნიშნა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, ასევე აწყობენ მედიატურებს, რომელში უცხოეთი წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქუთაისში 170 სასტუმროა რეგისტრირებული. 2 კვირის მონაცემებით, მათ 287 ჯავშანი გაუქმდათ, აქედან 90 პროცენტი რუსული ჯავშანია, 10 პროცენტი ჯავშნების გაუქმება მოხდა ევროპული ქვეყნებიდან. ლილუაშვილის განმარტებით, მიზეზი საფრთხის განცდაა.
"20 ივნისის მოვლენების შემდეგ დავიწყეთ სასტუმროებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, უმრავლესობას გაუუქმდა რუსების ჯავშანი, საშუალოდ, 5 ათას ლარამდე ღირებულების ჯავშანი აქვს გაუქმებული თითოეულ სასტუმროს. ეს ჯავშნების საერთო როდენობის 30 პროცენტს შეადგენს... გუშინ გერმანელი ტურისტები იყვნენ, ახალგაზრდა წყვილი. მათ დააფიქსირეს, რომ მშობლები ეუბნებოდნენ, არ წახვიდეთ საქართველოში, რუსეთთან ახლოსა და შეიძლება რამე მოხდეს, არეულობა და სროლებია... რაც ნახეს ტელევიზიით, სისხლიანი ხალხი... აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს მტკიცება, რომ აქციები ყველგან ხდება, მაგრამ ქვეყანა სტაბილურია", - აღნიშნა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილის თქმით, სტატისტიკურად, ყველაზე მეტად განმეორებით პოლონელი და გერმანელი ტურისტები მოდიან. მისი თქმით, ტურისტები ქუთაისში ძირითადად, 3-4 დღით რჩებიან, ისინი იმერეთის ისტორიული და ბუნების ძეგლებით, კულინარიით და თანამედროვეობით ინტერესდებიან.
"ვფიქრობთ, გავუადვილოთ ლოჯისტიკა იმ ტურისტებს, რომლებიც შემოვლითი გზებით შემოვლენ ქვეყანაში"
ავტორი: ირინა მაკარიძე