"ჩვენი არსებობა ყველგან გამოტოვებულია"
ბოლო პერიოდში ლგბტ-პირების მიმართ ზეწოლის ფაქტები გახშირდა, რა მდგომარეობაა ქუთაისში და გრძნობენ თუ არა თავს დაცულად ლგბტ-პირები? ამის გასარკვევად საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ თანამშრომელს ანანო სურმავას ესაუბრა.
-დგას თუ არა ქუთაისში ჰომოფობიის პრობლემა?
-დიახ, რა თქმა უნდა ჰომოფობიის მწვავე პრობლემა არამატო ქუთაისში, არამედ მთელს ქვეყანაში. განსაკუთრებით, რეგიონებში მკვეთრად იკვეთება. თბილისში არის ორგანიზაციები, რომლებიც წლებია, აქტიურად მუშაობენ, სწორედ ამიტომ დედაქალაქში ხილვადობა უფრო გაიზარდა და პრობლემაც გამწვავდა. რეგიონებში ლგბტ-პირები უხილავები არიან და ჰომოფობია კვლავ დაუძლეველ ბარიერად რჩება.
ძირითადად, როდის გიქმნით ჰომოფობიური გარემო პრობლემებს?
-ყოველთვის, ყველაზე პრობლემური ჰომოფობიური გარემო მაშინაა, როცა დასაქმებაზე ვსაუბრობთ. სამსახურებთან დაკავშირებული უამრავი შემთხვევა გვაქვს პრაქტიკაში. გეი კაცები ვერ ერგებიან მასკულინურ ხატს და ეს ქმნის პრობლემას. საერთოდ ძალიან გვიჭირს რაიმეს გაკეთება. გარდა იმისა, რომ უხილავები ვართ, ხალხი იმდენად ინერტულია და არაფერი აინტერესებთ, ვერც კი ხვდებიან, ჩვენს მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა რა მიზანს ემსახურება. 20 ნოემბერს აქცია გავმართეთ, მერიაში შევიტანეთ განცხადება. გვინდოდა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მომხდარიყო. იმის მიუხედავად, რომ უარი მივიღეთ, აქცია მაინც გავმართეთ. აქციას გართულებები არ მოჰყოლია, მაგრამ დაინტერესებაც არ ყოფილა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ინტერსექსიურ ჩაგვრას ვაწყდებით ყველგან. მშრომელი გეი წარმოუდგენლად მიაჩნიათ. არის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, ერთს უბანში დახვდნენ და არმატურა ჩაარტყეს. არის გინება, ცემა - ეს ყველაფერი ბიჭებს ეხებათ. ლესბოსელი ქალები იმაზე უხილავები არიან, ვიდრე გეი კაცები. ქალის ჩაგვრის ხარისხი ქვეყანაშია ისედაც ძალიან მაღალია. ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგიონში არავის სურს დარჩენა, აქ ჩაგვრის ხარისხი ლგბტ თემისთვის უფრო იზრდება. ზოგი თბილისში მიდის, ზოგიც კი საერთოდ ქვეყნის დატოვებას ამჯობინებს. მოზარდები საზოგადოებაში შექმნილი სტერეოტიპების გამო იძულებულები არიან ოჯახიდანაც კი წამოვიდნენ. შეუძლებელია, ასეთ გარემოში თვითრეალიზება მოახდინო. ვერც ვისწავლით, ვერც ვიმუშავებთ, ასეთ გარემოში არავინ გიღებს ისეთს, როგორიც ხარ. როცა ბრძოლა თვითგადარჩენისთვის გიწევს, ძნელია რესურსები სხვა რაღაცეებისთვისაც გამონახო. თუ კი განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ გვექნება, რეალიზებასაც ვერ მოვახდენთ და ჩვენგან სარგებელიც არ იქნება.
-როგორც ამბობ, არის ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები, როგორია პოლიციის რეაგირება?
-ხშირად გვიწევს პოლიციასთან ურთიერთობა. ძალიან გვიჭირს ხოლმე ადეკვატური ოქმის შედგენაც კი, იმიტომ რომ მიზეზი -ჰომოფობიური ნიადაგი მათთვის მიუღებელია და მთელი დღე გვჭირდება პოლიციისთვის იმის ახსნა, რომ ჩაგვრის მიზეზი სწორედ ჰომოფობიური დამოკიდებულება იყო. პოლიციის დამოკიდებულება კატასტროფულია, იქ რომ მიდიხარ, ორმაგად დაზარალებული ხდები. ისინიც კი დაგცინიან და გავიწროებენ, თითქოს ხუმრობით. არაკომპეტენტურები არიან, ყოველთვის ვცდილობთ პოლიციაშიც კი მარტო არ მივიდეთ და იურისტი დავიხმაროთ.
-რა რეაგირება მოჰყოლია პოლიციაში შეტანილ საჩივრებს?
-რამდენიმე საქმე მოგვიგია, ანტიდისკრიმინაციული კანონითაც დამძიმებულა მუხლი. ბევრია ისეთი შემთხვევაც, როცა გვიჭირს წინსვლა. არასრულწლოვნების მხრიდან განხორციელებული ჩაგვრის შემთხვევებიც არის და ამაზე პოლიციის პასუხი ასეთია: "კაი, ამას რად უნდა სასამართლო, მეტს აღარ იზამენ“. ასეთი შემთხვევები, ძირითადად, ხულიგნობის მუხლით კვალიფიცირდება.
- რამდენად მოგმართავენ „იდენტობა“-ში აღნიშნული პრობლემებით?
- თუკი ლგბტ თემის წევრი ქალია, ოჯახიდანაც კი არ უშვებენ. ძირითადი მეთოდი მონასტერში წასვლა ფსიქოლოგების აყვანა და მსგავსი თემებია. ბიჭებს უფრო არ ექმნებათ პრობლემები, ქალები ჩვენამდე მოსვლასაც ვერ ახერხებენ. ბიჭები უფრო აქტიურები არიან სოციალურ გარემოში, ვიდრე ქალები. ჩვენ ქვეყანაში ქალი ისედაც დაჩაგრული გამოდის, თუკი ლგბტ თემის წევრია, ეს ჩაგვრა ათმაგად იზრდება.
-როგორ ფიქრობ, ახერხებს თუ არა საქართველო ჰომოფობიის დაძლევას?
-თითქოს ამბობენ, რომ საქართველოში ჰომოფობია დავძლიეთ, თუმცა ეს ასე არ არის. რა თქმა უმდა, არის წინსვლა, თუმცა მარტო "ტაბურეტკაში" არც ახლა არის საქმე და არც არასდროს ყოფილა.
არსად შენი არსებობა არ სჩანს, რადგან უნდა ერგებოდე დაწესებულ ნორმას, ან უნდა იყო კაცი, ან ქალი. ჩვენი არსებობა, ყველგან გამოტოვებულია და აქ იკვეთება ყველაზე დიდი ჰომოფობია. არსად არსებობ!
2012 წელს საქართველო ევრო სასამართლომ 54 000 ლარით დააჯარიმა და 17 მაისს დაზარალებულთათვის მოუწია ანაზღაურების გადახდა. იძულებულები ვართ ხმამაღლა ვისაუბროთ რადგან არც საზოგადოება არც სახელმწიფო და არც პოლიცია არ გვიცავს და არ არის ჩვენს მხარეს. ამიტომ გვიწევს ჩვენი ბრძოლა იყოს ხმაურიანი და ხმამაღალი.
ავტორი: ხატია ბანძელაძე