|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაანონსებული და განუხორციელებელი პროექტები ქუთაისში [PHOTO]

ქუთაისში წლების განმავლობაში არაერთი პროექტი დაანონსდა. მასშტაბური პროექტების შესახებ ინფორმაცია მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ ვრცელდებოდა და შესაბამისად, მოსახლეობაში სანდოობას ზრდიდა.  დაანონსებული პროექტების უმეტესობა განუხორციელებელი დარჩა, ნაწილი კი დროში მნიშვნელოვნად გაჭიანურდა. 

 ჩამონათვალში უპირობოდ ლიდერობს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერისიტეტი.  პროექტის დაწყების შესახებ ქუთაისში მყოფმა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და მუხნარის ტყეში სიმბოლური კაფსულაც ჩაუშვეს. მართალია, პროექტი ოფიციალურად არ გაუქმებულა, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ ერთი შენობის ქვაბულია გაკეთებული. არადა, უნივერსიტეტი ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა გახსნილიყო. ეს ვადა ყოველწლიურად ერთი წლით იწევს და ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს ნაცვლად  2019 წლისა, 2020 წელს მიიღებს. 

 

2016 წელს დაანონსდა ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ სარაგბო მოედნის შენება. ადგილზე სიმბოლური კაფსულა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეშიკაშვილმა ჩაუშვა. პროექტი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან ვალდებულებების არაჯეროვნად შეუსრულების გამო შეჩერდა. შეჩერებული პროექტის გამო, ახალგაზრდული მსოფლიო თასი რაგბიში სხვა მოედანზე გაიმართა.

 

ასევე პარლამენტის მიმდებარედ უნდა აშენებულიყო სპორტის სასახლე. მშენებლობა 2017 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს პროექტიც შეჩერდა. 

2016 წელს დაანონსდა პარლამენტის მიმდებარედ მინი ქალაქის მოწყობა. 20 ჰექტარი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.  ადგილზე 270 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. პროექტი არ განხორციელებულა, თუმცა ტერიტორია ქუთაისის თვითმმართველობასაც არ დაბრუნებია. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რაც პარლამენტს უკავშირდებოდა, ქუთაისში პარლამენტის შენობის რეაბილიტაცია, მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა და ინფრასტრუქტურის მოწყობა იყო. ხელისუფლებამ არა თუ პროექტის განხორციელება დაიწყო, არამედ საერთოდაც პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

ერთი-ერთი პოპულისტური იდეა თანამედროვე სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა გახდა, რომლის შესახებ 2016 წელს გაჟღერდა. წერეთლის ქუჩაზე აუზის მოსაწყობად პროექტირებაზე ტენდერიც გამოცხადდა. თუმცა 2017 წელს პროექტი შეჩერდა, ახალი მერის პირობებში მასზე აღარ საუბრობდნენ, სამაგიეროდ, მიმდინარე წელს ქუთაისმა ახალი დაპირება თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტეტების აუზის მშენებლობის შესახებ დაპირება, ამჯერად პრემიერ-მინისტრისგან მიიღო. ბახტაძის თქმით, მან უკვე გასცა აუზის მშენებლობის განკარგულება. 

ასევე არ დაწყებულა ნაგავსაყრელის მშენებლობა. მართალია, ნაგავსაყრელი რეგიონალურია, თუმცა ის მნიშვნელოვნად განმუხტავდა ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მდგომარეობას, რომელიც სწორედ ახალი ნაგავსაყრელის გახნის შემდეგ დაიხურება. შერჩეულ ადგილზე მშენებლობა არ განხორციელებულა.

ამ დრომდე დაპირებად რჩება ქუთაისის 24 საათიანი წყალმომარაგება. სამუშაოების მეორე ფაზა 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადები შეიცვალა და სავარაუდოდ, 2019 წელს დასრულდება. გარდა ვადების გახანგრძლივებისა, თურქულმა კომპანიამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მოსახლეობის პროტესტი და თვითმმართველობის ჯარიმები დაიმსახურა. 

 ჯერჯერობით დაპირებად რჩება ქუთაისის მერიის მიერ წელს გაჟღერებული პროექტები, რაც გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციას,  ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის მშენებლობას, ასევე ასსაფეხურიანი ხიდის რეაბილიტაციის პროექტს უკავშირდება. თუმცა, ამჯერად ქუთაისის ძველი უბნის რეაბილიტაციის და დავით კაკაბაძის გალერეას რესტავრაციის დაპირება ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გასცა. აღნიშნული დაპირების თანახმად, ასევე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციიის პროექტი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება და დაიწყება საკანალიზაციო სისტემის რეაბილიიტაციის სამუშაოები, რომელიც წესით, აქამდე დაწყებული უნდა ყოფილიყო.  

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი