"ჩემი შვილი გმირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლოთად გამოიყვანეს და შემირცხვინეს"
"ჩემი შვილი გმირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლოთად გამოიყვანეს და შემირცხვინეს" აცხადებს ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული სამტრედიელი ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას მამა. ჯარისკაცის მამა გია ჩაჩუა ამტკიცებს, რომ სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა, რადგან აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადათ.
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გადაკეტვას აანონსებს.
"თუ ერთ კვირაში რეალური დასკვნა არ დაიდება, გადავკეტავთ ცენტრალურ მაგისტრალს, ასევე თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის შენობასთან შიმშილობას დავიწყებთ. სამტრედიის მუნიციპალიტეტში არჩევნები ვერ ჩატარდება, ამას არ დავუშვებთ. ჩემი შვილი ომის ვეტერანი იყო, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, გმირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლოთად გამომიყვანეს და შემირცხვინეს"-განაცხადა გია ჩაჩუამ.
მისი თქმით, არ გაჩერდებიან, ვიდრე არ დადგინდება, რის გამო გარდაიცვალა მისი შვილი.
გამოძიების მხრივ არსებულ დარღვევებზე ისაუბრა ოჯახის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ. მისი თქმით, გამოძიების ინტერესში უნდა იყოს, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
31 წლის მირზა ჩაჩუა მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა. მათივე თქმით, თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი