საგრანტო კონკურსი დევნილებისათვის
საგრანტო პროგრამის „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ფარგლებში გრანტის მისაღებად დევნილთა განაცხადების წარდგენა 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით, საზოგადოებრივ ცენტრებშია ხელმისაწვდომი.
განაცხადების წარდგენა ასევე შესაძლებელია იუსტიციის სახლის 11 ტერიტორიულ ერთეულში ( გურჯაანი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, მარნეული, თიანეთი, თელავი, ყვარელი და მესტია).
საგრანტო განაცხადების მიღება, მიმდინარე წლის, პირველი მაისიდან განახლდება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ.
პროგრამის მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე სახელმწიფოზე დამოკიდებულებიდან თვითკმარობაზე გადასვლის უზრუნველყოფა.
პროგრამის ფარგლებში დევნილებს შესაძლებლობა ეძლევათ ინვესტიციები განახორციელონ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მათ შორის: მებოსტნეობაში, მეხილეობაში, მებოცვრეობაში, მესაქონლეობაში, მეფუტკრეობაში, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაციის საშუალებები და ა. შ.
პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 700 ბენეფიციარი დაფინანსდება.
გრანტის მოცულობა 2 500 ლარს შეადგენს. ასევე, შესაძლებელია ჯგუფური განაცხადის დაფინანსება, ერთ ჯგუფზე 5 000 ლარის ოდენობით.
ჯგუფური განაცხადის გაკეთება შეუძლია მინიმუმ სამ დევნილ პირს, რომელთაგან ორი მაინც ერთიანდება პროექტის სამიზნე ჯგუფში.
პროგრამის ფარგლებში გრანტები გაიცემა შემდეგ სამიზნე კატეგორიებზე:
•მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს;
•შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ან მათი ოჯახის წევრებზე;
•25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს – დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს;
• ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.
დაინტერესებულ პირებს საგრანტო განაცხადების წარდგენა, კაზრეთის, სართიჭალის, მარტყოფის, მეჯვრისხევის, ორსანტიის, კოდის, სადახლოს, დიდი ჯიხაიშის, ჩაქვის, გეგუთისა და გომის საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ.
ასევე მათ აქვთ საშუალება იუსტიციის სახლის 11 ფილიალის გარდა, მიმართონ: დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს – ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს: აჭარისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო, ქ. ზუგდიდი, ხუბულავას ქ N6, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო, ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27;
საზოგადოებრივ ცენტრებში და სსიპ „იუსტიციის სახლში“ და საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღების შესაძლებლობა ხელს შეუწყობს პროგრამის ხელმისაწვდომობას სამიზნე კატეგორიისთვის.
ავტორი: ნიუპრესი