"ეს საკრებულო ბალაგანს დაემსგავსა და მას ქუთაისთან უკვე საერთო აღარ აქვს"
"ეს საკრებულო ბალაგანს დაემსგავსა და მას ქუთაისთან და ქალაქთან უკვე საერთო აღარ აქვს" - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია უკლებამ.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს ფრეაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ელეონორა არჩაიას მიმართ ოპოზიციის სოლიდარობის განცხადებებმა გამოიწვია.
დავით გოგისვანიძეს განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მარეხ ნიჟარაძემ შეაწყვეტინმა და მას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ასეთი სოლიდარობა ირინა ენუქიძის მიმართ.
დეპუტატების ურთიერთბრალდებები ერთი მხრიდან გიგა შუშანიას და დავით გოგისვანიძის, ხოლო "ქართული ოცნებიდან" მარეხი ნიჟარაძისა და ალეკო ახალაძის მხრიდან მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. დეპუტატების ურთიერთბრალდებების ფონზე მათი განცხადებების შინაარსის გარჩევა უკვე თითქმის შეუძლებელი გახდა.
საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომაზე წესრიგის აღდგენისაკენ მოუწოდა გია უკლებამ, რის შემდეგაც განაცხადა, რომ საკრებულო უკვე ბალაგანს დაემსგავსა და მასზე დასწრებას აზრი აღარ აქვს.
"ეს საკრებულო ბალაგანს დაემსგავსა, აქ აღარ მიდის ქალაქის პრობლემებზე საუბარი"- განაცხადა უკლებამ და საკრებულოს სხდომა დატოვა. მასთან ერთად სხდომა ოპოზიციის დეპუტატებმა "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა დატოვეს.
"ეს საკრებულო თავისი უმრავლესობით უკვე არის ნაგავი, რომელიც სასწრაფოდ მოსაშორებელია ქალაქს. ამ თვითმმართველობას უკვე არ შეუძლია უპასუხოს იმ მოთხოვნებს, რომელიც ქალაქის წინაშე არსებობს. საკრებულოში მოვდივართ იმიტომ რომ ჩვენს ამომრჩეველს ხმა მივაწვდინოთ, თუმცა რა დესტრუქციაც დაგვხვდა და რა ბალაგანიც უმრავლესობის მხრიდან, ეს საზოგადოებამ დაინახა"-განუცხადა გია უკლებამ ჟურნალისტებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე