|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპაში კოვიდ პასპორტის ამოქმედებას შესაძლებლად მიიჩნევენ

ევროპარლამენტი ვაქცინაციის სერტიფიკატის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას შესაძლებლად მიიჩნევს.

ევროპარლამენტარები შეთანხმდნენ, რომ ახალი „EU COVID-19 სერთიფიკატი“ მხოლოდ 12 თვის განმავლობაში უნდა მოქმედებდეს.

დოკუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს ციფრულ ან ქაღალდის ფორმატში, დაადასტურებს, რომ ადამიანი კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილია, რომ მას აქვს ტესტის უარყოფითი შედეგი ან ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ევროპარლამენტარების განცხადებით, „EU COVID-19 სერთიფიკატი“ არ იქნება სამოგზაურო დოკუმენტი და თავისუფალი გადაადგილების უფლების გამოყენების წინაპირობას არ წარმოადგენს.

ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს ახლა შეუძლიათ მოლაპარაკებები დაიწყონ, რომლის მიზანი შეთანხმების მიღწევაა ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებამდე.

ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ „EU COVID-19 სერტიფიკატის“ მფლობელები არ უნდა დაექვემდებარონ დამატებით შეზღუდვებს, როგორიცაა კარანტინი, თვითიზოლაცია ან ტესტირება.

ევროპარლამენტარები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ასევე, რომ არავაქცინირებული პირების დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის ქვეყნებმა უნივერსალური, ხელმისაწვდომი, დროული და უფასო ტესტირება უნდა უზრუნველყონ.

გარდა ამისა, ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ სხვა წევრ ქვეყნებში გაცემული ვაქცინაციის სერტიფიკატები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით არიან აცრილნი (ამჟამად Pfizer-BioNTech, Moderna, AstraZeneca და Janssen).

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა