ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
გაერთიანებული ოპოზიცია და მათი იურისტები ამზადებენ სასამართლოში შესატან სარჩელს, საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვით.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ გაასაჯაროვა. “ჩვენ არჩევნებს ჩატარებულად არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს - პრეზიდენტი ჰყავს ქურდულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ამასთან, გაერთიანებული ოპოზიცია პროპორციული წესით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვს. ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.
“ხელისუფლებას ვთვაზობთ, შექმენით სამუშაო ჯგუფი - დავუშვათ ხუთი ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან! ჩვენც ჩვენს დელეგაციას ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით. სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, კონსტიტუციურად, ევროპულად, სამართლებრივად დავსხდეთ და ამ პოლიტიკური კრიზისიდან ერთად გამოვიდეთ. ვადას 16 დეკემბრამდე გაძლევთ. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოუკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. უმორჩილესი თხოვნა მაქვს - ხელისუფლებავ, ნუ ატეხავთ ვაი-ვიშს და ჩემთან ელჩების გამოგზავნას ნუ დაიწყებთ. არც კონსტიტუციის და არც სამართლის ფარგლებიდან არ გავალთ“, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თბილისში რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს. აქციის მონაწილეებს ვიდეო ჩართვის საშუალებით ასევე მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.
ხელისუფლემა ოპოზიციის მოთხოვნებს კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს.
ავტორი: ნიუპრესი