|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაყალბების შემთხვევაში, აუცილებლად გამოვალთ ქუჩაში"

 საარჩევნო გარემოს ქუთაისში მოქმედი პოლიტიკური პარტიების  წარმომადგენლები აფასებენ. მათი თქმით, ქალაქში არათანაბარი გარემოა და უპირატეს მდგომარეობაში მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატია. 

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წარმომადგენელი გიგა შუშანია მმართველი გუნდის მიერ გამოყენებულ ადმინისტრაციულ რესურსზე საუბრობს.

"ძალადობრივი გარემოა, რასაც ემატება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თანამშრომლებს აიძულებენ სიების მიტანას, ასევე  მეოთხე პოლიკლინიკის აპარატურას იყენებენ. მათ მიერ დაკომპლექტდა კომისიები, სხვებს რომ არ ენდობიან, სიდედრები და მეუღლეები ყავთ კომისიებში. "სუს"-ის ზონდერები დაკავებული არიან  გრიგოლ ვაშაძის პლაკატების გადაღებვით, ამას მერი ხელმძღვანელობს, დაყვება ამ მანქანას და ნაცვლად ქუთაისზე მზრუნველი მერისა, "სუს"-ის დაქირავებული, ზონდერი მერი მივიღეთ, რომელიც შვებულებაშია გასული და კანდიდატის მხარდასაჭერ კამპანიას აწარმოებს. ხდება ზეწოლა ოპონენტების წარმომადგენლებზე", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

საარჩევნო გარემოს პრობლემებზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი კოტე რატიანი. მისი თქმით, კომისიებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან დასაქმებულები, ასევე დაინიშნენ ადამიანები, რომელთაც წინა წლებში გადაცდომები ჰქონდათ. მისივე თქმით, ხდება ძალადობა ოპონენტებზე.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ წელსაც არჩევნებზე აპირებენ ძალადობას, რადგან იციან, რომ არჩევნებს აგებენ. მობილიზებულია შავი ძალები, რომ მსგავად წინა არჩევნებისა, დესტაბილიზაცია შეიტანონ საარჩევნო პროცესში. ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენ ხმებს. გარდა ამისა, წინასაარჩევნო გარემოც არათანაბარი იყო, ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება"-განაცხადა კოტე რატიანმა. 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" შტაბის უფროსის გოგი წულაიას განცხადებით,  ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება, რასაც მისი თქმით, არ დაუშვებენ და ქუჩის გამოსვლებს აანონსებს.

"წინასაარჩევნო გარემოს თუ შევაფასებთ, მხოლოდ ორ პარტიას ქონდა უპირატესი მდგომარეობა. სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთის ბრალდებებით იყვნენ დაკავებული და ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის მეტად გაბრაზება ხდებოდა. მოსახლეობას შეაძულეს პოლიტიკა. მიდის კამპანია, თითქოს ყველა პოლიტიკოსი არის მატყუარა. არ დაუჯეროთ მათ, წადით არჩევნებზე. ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას და თუ მოხდა გაყალბება, აუცილებლად გამოვალთ ქუჩებში.  არ ვიცი, როგორ მოვახერხებთ ორგანიზებას, მაგრამ ყველანი გამოდით და დაიცავით თქვენი ხმები, რომ არსებული მდგომარეობა შევცვალოთ, ნებისმიერ პარტიას გვერდით დავუდგები,  ვინც ქუჩაში გამოვა", -განაცხადა გოგი წულაიამ. 

 "გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი განმარტავს, რომ გირჩი ტრადიციულ კამპანიას არ ატარებს, რაც ერთის მხრივ, თანხების არარსებობის შედგეგია, მეორეს მხრივ, ცდილობენ, შეცვალონ არსებული პრაქტიკა, რადგან თვლის, რომ მომავალში კოორდინატორების სისტემა საერთოდ გაუქმდება. 

"არათანაბარი გარემოა და ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. 2012 წლიდან  ბიუჯეტში გაიზარდა პროექტების დაფინანსება, რომლებსაც საარჩევნოდ კარგად იყენებენ.  ჯერჯერობით გაყალბებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა თვლით, რომ ამის ნიშნები არსებობს, რისი მაგალითიც საარჩევნო კომისიების წევრები არიან. ისინი მოსყიდული არიან ერთი კანდიდატის სასარგებლოდ და მაქსიმალურად შეეცდებიან მის მოგებას", - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

დღეს საარჩევნო გარემოს შეფასება უნდა გაეკეთებინა ქუთაისის მერს, "ქართული ოცნების" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი ჭიღვარიას, თუმცა მან პრესკლუბში მისვლაზე მოუცლელობის გამო უარი თქვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი