|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობაზე ჯარიმები იზრდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის თანახმად, იზრდება ჯარიმის ოდენობა წვრილმანი ხულიგნობისთვის და ასევე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის, ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის.

კანონპროქტის თანახმად:

· საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამ გვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა.

 · სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორცილება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 4000 ლარამდე. დღეს მოქმედი ნორმით, აღნიშნული ქმედებებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 250-დან 2000 ლარამდე.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ეფექტიანი რეაგირება არის საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და ის სანქციები, რომელსაც დღეს ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამ ორ მუხლთან მიმართებით, არ არის ქმედების შესაბამისი და ქმედების ადეკვატური. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ სანქციების გაზრდა, საუბარია მხოლოდ ჯარიმის ნაწილზე, იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისათვის, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტიანად განხორციელდეს“,-განაცხადა საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, ცვლილებები ეხება სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტის შემოტანას.

„მართალია, ეს ინსტიტუტი დე-იური ახლა შემოგვაქვს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ დე-ფაქტო ეს ინსტიტუტი არა ერთი წელია უკვე მოქმედებს. 2011 წლის შემდეგ, პროკურატურის სისტემაში მუშაობენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. ჩვენ ეს ინსტიტუტი აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს და რამდენიმე სხვა ქვეყნის გამოცდილებიდან შემოვიტანეთ ჩვენს სისხლის სამართლის პროცესში. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სოციალურმა მუშაკმა იმუშაოს მოწმესთან და დაზარალებულთან, მას შემდეგ რაც ისინი მოიპოვებენ ასეთ სტატუსს“,-აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.

კანონპროექტის თანახმად, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზანია მოწმისა და დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა. პროკურორი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით. მოწმეს/დაზარალებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება, ასევე, ორი მუხლი, სადაც გაწერილია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზნები, პროცედურა და უფლება-მოვალეობები.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდები კანონპროექტები, რომლებიც „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის სისხლისსამართლებრივი ნორმების გამკაცრებას ითვალისწინებს.

მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, კანონპროექტით „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ არსებითად იცვლება „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები და ამასთან, ემატება ისეთი ტერმინები, როგორიცაა: „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“.

კანონპროექტები სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ავტორი: ნიუპრესი