გუბერნიას სანომრე ნიშნები შერჩევის საფუძველზე არ შეუძენია - იმერეთის გუბერნია
იმერეთის გუბერნიამ სანომრე ნიშნები კანონის სრული დაცვით და არა შერჩევის საფუძველზე შეიძინა - განაცხადეს იმერეთის გუბერნიაში არასამთავრობო ორგანიზაციის პასუხად, რომელმაც გუბერნია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაში დაადანაშულა.
იმერეთის გუბერნიის აპარატის უფროსის გოჩა გაბუნიას გაცხადებით, აღნიშნულ ავტომობილებზე სანომრე ნიშნები სტიქიური უბედურებების დროს დაკარგეს და ის სანომრე ნიშნები, რითიც ამ დროისთვის გუბერნატორი და მისი მოადგილე გადაადგილდებიან, კანონის სრული დაცვით შეიძინეს და არა შერჩევის საფუძველზე. მისივე თქმით, სანომრე ნიშნებში ადმინისტრაციამ 250 ლარი გადაიხადა.
შეგახსენებთ, იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ავტომობილის სანომრე ნიშანი GD 041 IM-ია, მისი მადგილის გრიგოლ დალაქიშვილის სახელმწიფო ავტომობილის ნომერი კი - IM 041GD.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, გუბერნატორმა ავტომობილებზე პარტიული ნომერი - 41 დაიტანა, რითაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ არსებული წესი დაარღვია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი