|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბაღებში მიშენებები ბავშვებს ვერ დაიტევს და ჯგუფებს სტანდარტზე ვერ დაიყვანს"

ქუთაისის მერიის ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანების მმართველი საქმიანობას ორი კვირის წინ შეუდგა. დავით წიტაიშვილმა, რომლემაც პოსტზე ნანა ლორთქიფანიძე შეცვალა, უკვე მოასწრო ახალი პროგრამების დანერგვა, მისი მთავარი ინიციტივაა ქუთაისის ბაღებში ოთხჯერადი კვება. კვების რაციონზე, გაუქმებულ ცეკვის გაკვეთილებასა და მოსალოდნელ რეორგანზიაციაზე დავით წიტაიშვილი „ნიუპრესს“ ესაუბრა.

 

–თქვენ ჩაიბარეთ ყევლაზე დიდი ააიპი, უკვე გაეცანით მის მუშაობას, რა ახალი სერვისები და პროგრამებია, რაც  დაინერგა ბაღებში და როგორ გეგმავთ მუშაობას?

–ჩვენ არა მხოლოდ რაოდენობრივად დიდი, ალბათ, ყველაზე სათუთი ააიპი ჩავიბარეთ, რაც მომავალი თაობის აღზარდას ეხება. სკოლამდელი დაწესებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მას აქვს დიდი დატვირთვა. ჩვენ გადავწყვიტეთ კვება, რომელიც არის სტანდარტების მიხედვით, რომ დღეში თითოეულმა აღსაზრდელმა მიიღოს 1300 კილო კალორია, იმ დოზით, რაც მათ ორგანიზმს ჭირდება, გადავანაწილოთ, ამიტომ გადავდივართ ოთხჯერად კვებაზე. ასევე ჩვენ ვცვლით საკვების ხარისხს და მაღალ სტანდარტებზე გადავდივართ. ბაღები არ არის მხოლოდ ჯანსაღი კვება, არის სააღმზრდელო ორგანიზაცია და ჩვენ ბავშვებისათვის ძალიან მნიშნელოვენი პროგრამები გვაქვს, რომ ისინი მზად იყვნენ სკოლისთვის.   ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები,  ჰიგიენა,  ვზრუნავთ არა მხოლოდ ჯანსაღ  კვებაზე, არამედ კოლექტივზე, აღმზრდელ–პედაგოგებისთვის გადამზადების პროგრამა გვაქვს.

–კვებას რომ შევეხოთ უფრო დეტალურად,  ის, რასაც ახლა აპირებთ, ხილი და მსუბუქი წახემსება,  ეს იყო მესამე კვება ბაღებში, როგორ მოხდება რაციონის გაზრდა?

–ის რაციონი, რაც არის, გადანაწილდება. 1300 კილო კალორია, შეიძლება ერთი კვებითაც მიიღოს ბავშვმა,  მაგრამ ჩვენ ვცდილობთ გადავანაწილოთ და სხვადასხვა საკვები მივაწოდოთ, ამიტომ ემატება მეოთხე კვება 12 საათზე. ამასთან, ვცდილობთ, თანამედროვე სტანდარტებზე გადავიდეთ, გავზარდოთ საკვების ხარისხი. მოხდება გაცილებით კარგი საკვების შეტანა,  ახლაც კარგი რაციონი გვაქვს, მაგრამ გაუმჯობესებას ვგეგმავთ.

–ცეკვის გაკვეთილზე რომ ვისაუბროთ, ამ საკითხმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. რატომ გაუქმდა ცეკვის  გაკვეთილები?

– შინაგანაწესით, მუსიკის მასწვლებელის უფლება–მოვალეობაა საბავშვო სიმღერების სწავლება,  მუსიკალური თამაშობები და ცეკვა, ეს არის იყო და იქნება ბაღებში, რაც შეეხება ცეკვის გაკვეთილებს, იყო მსჯელობა ბაღებში შესულიყვნენ ქორეოგრაფები, რამდენიმე ბაღში ეს დაიწყო და ამისთვის გაერთიანება  თანხას დამატებით იხდიდა, მაგრამ ივნისში ეს პროგრამა გაუქმდა და ახლა გაჟღერდა საჯაროდ, ასე რომ ცეკვას  ვასწავლიდით და ვასწვალით.  ბაღებში ვასწავლით არა მხოლოდ ქართულს, არამედ სხვა ცეკვებს და ჩვენი ბავშვები ამის გარეშე არ იქნებიან.

–ქუთაისის საბავშვო ბაღების ნაწილში გადატვირთული ჯგუფებია, რა იგეგმება ამ მხრივ და მიშენებებით  რამდენად განტვირთავთ ჯგუფებს?

–მომავალ წელს რამდენიმე ბაღზე მიშენება მოხდება. სამწუხაროდ, მომავალ წელს ახალ ბაღს ვერ ავაშენებთ.  რაც შეეხება გადატვრთულ ჯგუფებს, მართალია, მაგრამ მიშენებები ვერ დაიტევს და სტანდარტზე ვერ დაიყვანს ჯგუფებს, რადგან ბავშვთა რაოდენობა, საბედნიეროდ, იზრდება,  ამიტომ მივდივართ იმ ნაბიჯზე,  რომ არავის არ ვტოვებთ და იზრდება ჯგუფები.  რა სჯობს,  სტანდარტული 30 ბავშვიანი  ჯგუფები შევქმნათ და დავტოვოთ სხვები გარეთ, თუ დავუშვათ გაზრდილი რაოდენობა და ყველას მივცეთ საშუალება ბაღში მოსვლის? ამ ეტაპზე გადატვირთული ჯგუფი სჯობს, ვიდრე ბავშვებს მიღებაზე უარი ვუთხრათ.  ეტაპობრივად ვცდილობთ გავიდეთ სტანდარტულ ჯგუფებზე, მაგრამ ეს ნელ–ნელა მოხდება.

–რაც შეეხება ბიუჯეტს, გაიზრდება თუ არა "ბაგა–ბაღების გაერთიანების" ბიუჯეტი?

–ჩვენი ბიუჯეტი 9 800 000 ლარია და რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ ბიუჯეტის გაზრდა. ვცდილობთ, ჩვენი ბიუჯეტი წელს 10 მილიონზე ავიდეს და დამატებული 200 000 ლარი კვებაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავანაწილოთ.

–გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკა აბულაძის დანიშვნა იგეგემა თქვენს მოადგილედ, როგორც ვიცით, მოადგილეების შტატები გასულ წელს გაუქმდა, ხომ არ ნიშნავს, რომ ისე მოხდება გაუქმებული შტატების აღდგენა?

–მეც გამიკვირდა, ეს ინფორმაცია რომ გავცელდა.  მაკა აბულაძე  არის კარგი სპეცილისტი, თავის საქმის მცოდნე, მოწესრიგებული და გამართული ბაღი აქვს, ვენდობი მას,  მაგრამ ეს ინფორმაცია რეალური არაა.  ამ ეტაპზე მოადგილის დანიშვნა და რეორგანიზაცია არ იგეგმება, მხოლოდ შიდამონაცვლეობა შეიძლება მოხდეს უკეთესი მუშაობისთვის, მაგრამ სხვა რაიმე ცვლილება არ იგეგმება.

–თქვენ კარგად დაახასიათეთ მაკა აბულაძე, ის ერთ–ერთი გამგეა, რომელიც 2015 წელს გაერთიანებამ გაათავისუფლა და მან სასამართლოს ძალით აღიდგინა თავი, იმ დროს თქვენ საკრებულოს დეპუტატი იყავით (კომისიის წევრი, რომელსაც ბაღების კურირება ევალებოდა), მაშინაც თვლიდით, რომ მაკა აბულაძე კარგი გამგე იყო და იმ დროს გაერთიანებმა შეცდომა დაუშვა, თუ თქვენც მიგაჩნდათ, რომ გამგეებს გადაცდომა ქონდათ?

–ასეთი პირდაპირი შეხება მაშინ ამ თემასთან და მაკა აბულაძესთან არ მქონდა. მაკა აბულაძეს ამ გადასახედიდან ვაფასებ და ვამბობ, მასზე რომ კარგი კადრია.

–დანიშვნის დროს განაცხადეთ შესაძლო რეორგანიზაციაზე, რა შემთხვევაში შეიძლება  მოხდეს რეორგანიზაცია, რა სტანდარტი შეიძლება ვერ დააკამყოფილოს თანამშრომელმა?

–ასე მზა რეცეპტი არ გვაქვს, ამას პროცესი გვაჩენებს. ჩვენ პიროვნებებამდე არ დავდივართ და ამით არ ვაფასებთ, ფასდება საქმით და შრომით, ვინც ფეხს ვერ აუწყობს ამ პროცესებს, მას შეეხება რეორგანიზაცია, ამიტომ  ყველაფერი  პროცესით გასაჯაროვდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი