ჰქონდა თუ არა საკაცე სასწრაფოს ეკიპაჟს?
"ქუთაისში ავტოკატასტროფის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა და ექვსი მძიმედ დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. სასწრაფოს არანაირ ყურადღებას არ აქცევს დღევანდელი მთავრობა. სასწრაფო დახმარების მანქანა დროულად მოვიდა, მაგრამ საკაცე არ ჰქონდათ, რის შედეგადაც მამაკაცი დაიღუპა. მამაკაცი ცოცხალი იმყოფებოდა სამარშუტო ავტობუსიდან გადმოყვანის შემდეგ, მაგრამ გარდაცვალება გამოიწვია ჰოსპიტალში გადაუყვანლობის გამო, რადგან საკაცე არ ჰქონდათ, რომ სასწრაფოს ავტომობილში ჩაესვათ და სასწრაფოდ მოეხდინათ სტაციონალში გადაყვანა"-აღნიშნული შინაარსის ტექსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც თან ახლავს ჭოგნართან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვოდეო და ფოტო კადრები.
ინფორმაციის კატეგორიულად უარყოფს ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსი მაია რუხაძე. მისი განცხადებით, ადგილზე სასწრაფო დახმარების პირველმა ეკიპაჟმა ბავშვები და მისი მშობლები გადმოიყვანა, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
"აბსოლუტური სიცრუეა, მანქანაში არათუ ერთი, არამედ 2 საკაცე არის - ერთი საკაცე და ერთ ფარი. უბრალოდ, მანქანა რომ მივიდა, მშობლები და ბავშვები (5 ბავშვი) შეცვივდნენ პირველ მანქანაში და არ მისცეს შესაძლებლობა მძღოლს მანქანიდან ჩამოსვლის და სასწრაფოდ სტაციონარში გადაყვანა მოითხოვეს. ექიმი ადგილზე დარჩა და სანამ მეორე ეჯიპაჟი მოვიდოდა, ექიმი და ექთანი ადგილზე მუშაობდნენ დანარჩენ პაციენტებთან. რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, მანქანიდან გადმოყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო, მისი გადმოყვანა ექიმის თანდასწრებით მოხდა და არ ეტყობოდა არც პულსაცია და არც სხვა სასიცოცხლო ნიშნები, ამას გიდასტურებთ არაერთ წყაროზე დაყრდნობით... ადამიანებმა ჯობია, ერთმანეთს დაეხმარონ და ვიდრე სიცრუე ილაპარაკონ", -აცხადებს მაია რუხაძე.
მისი თქმით, ავტოკატასტროფის დროს ადგილზე საერთო ჯამში 5 ეკიპაჟი მუშაობდა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი ზესტაფონის გზაზე 9 მარტს მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავტორი: ირინა მაკარიძე