ქუთაისში „სამი ოთარის“ ძეგლის ტერიტორია გაასხვისეს – ვინ დგას სასტუმროს მშენებლობის უკან?
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე 417 კვ.მ მიწის ნაკვეთი
ქალაქის მერიამ 35 წლიანი იჯარით გასცა. ფართზე, რომელიც მერიამ გააიჯარა, ცნობილი
ქუთაისელების – ოთარ მამფორიას, ოთარ ქორქიასა და ოთარ სულაბერიძის ძეგლები დგას.
საჯარე რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული
მიწის ნაკვეთის გასხვისების ხელშეკრულება მერიასა და კერძო მესაკუთრეს შორის 2013 წლის
11 ოქტომბერს შედგა. ხელშეკრულებას ხელს ქუთაისის მერიის წარმომადგენელი, დავით მუშკუდიანი აწერს.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ წერეთლის
ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი შპს „ანასტასიამ“ შეიძინა. საჯარო რეესტრი ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით, ფირმა ხელშეკრულების დაადებამდე ორი დღით ადრე, 2013 წლის
9 ოქტომბერს დარეგისტრირდა.
„ანასტასიამ“, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების
მიხედვით, ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველთვიურად 380 ლარი უნდა გადაიხადოს, როგორც იჯარის
თანხა.
აღნიშნული შპს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის
ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოჩა თევდორაძის ინტერესებში მოიაზრება. შპს „ანასტასიას“
40%–იანი წილის მფლობელი ხატია გაგუაა, რომელიც გოჩა თევდორაძის მეზობელია.
როგორც ცნობილი გახდა, ფირმის მფლობელები აღნიშნულ ფართზე ოთხსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ,
რაც თავის მხრივ აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ძეგლების დემონტაჟის გამოიწვევს.
ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გასხვისების ფაქტი კი
ქუთაისის ვიცე–მერებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ავტორი: დეა მანაგაძე