ირაკლი კობახიძე ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრას მართავს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან სტაჟირების პროგრამის შესახებ შეხვედრას მართავს.
მისი თქმით, სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა.
პრემიერის თქმით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ისე კერძო სექტორთან.
„ საპილოტე რეჟიმში უკვე წელსვე უნდა ამოქმედდეს ეს პროგრამა, 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული სტაჟირებაზე, პროგრამის ფარგლებში. ჩვენი წარმოდგენით, დაახლოებით ოთხთვიანი უნდა იყოს ეს პროგრამა და კურსდამთავრებულები მიღებულნი იქნებიან სტაჟირების პროგრამაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. ასევე, ჩვენ გვექნება თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რაც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება, იყოს რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის და ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, რათა ზოგადად კერძო სტრუქტურებში იყოს უზრუნველყოფილი კურსდამთავრებულების მიღება. ამ პროგრამის მთავარი ამოცანა არის ის, რომ კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში. ეს არის მთავარი ამოცანა. პარლამენტმა მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი ჯერ კიდევ შარშან და სწორედ ამ კანონის საფუძველზე წელს მთავრობამ დააანონსა ეს ახალი პროგრამა,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პროგრამა სტუდენტებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, მათი რჩევების გათვალისწინებით ამოქმედდება.
შეხვედრას ესწრება განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი.
ავტორი: ნიუპრესი