|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატურია"

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით  ინფორმაციას ავრცელებს:

"სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით  ზუსტ ინფორმაციას ავრცელებსდა საზოგადოებას აცნობებს,  რომ სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა შეიმუშავა დასკნა, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის სახელმწიფოს მიერ ჩატარებული მკურნალობა  დიაგნოზის ადეკვატურია, და რომ სპეციალისტების კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები მსჯავრდებულს ოპერატიულად უტარდებოდა.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილი მოთავსებული იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“, სადაც 3 ოქტომბერს ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და დაისვა ერთობლივი დიაგნოზი - ჰორნერის სინდრომი, რომლის გენეზიც, ექიმთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, იდიოპათიურია, ჰორნერის სინდრომის გამომწვევი გამოხატული პათოლოგია არ ვლინდება. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება შესაძლო მწვავე და ქრონიკული სინუსიტის შედეგად გამოწვეული ჰორნერის სინდრომის შესახებ და დამატებით რეკომენდებულ იქნა ექსტრაკრანიალური არტერიების ულტრაბგერითი გამოკვლევა. აღნიშნული გამოკვლევა რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდა და პათოლოგია არ გამოვლინდა, ასევე გამოირიცხა ონკოლოგიური პათოლოგიის არსებობა.

იმავე პერიოდში კლინიკაში  ჩატარდა ექიმ-ტოქსიკოლოგთა კონსილიუმიც. კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების, სპეციალისტთა კონსულტაციების, მულტიპროფილური შემადგენლობის სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის და სისხლში გამოკვლეული ნივთიერებების რაოდენობრივი შემცველობის გათვალისწინებით, არ დადასტურდა არც მწვავე და არც ქრონიკული ეგზოგენური ინტოქსიკაცია. ტოქსიკოლოგიური მიმართულებით დამატებითი კვლევები საჭიროდ არ ჩაითვალა.

კლინიკაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულისთვის  ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევის შედეგად დაფიქსირდა ლიმფოციტების უმნიშვნელო მატება. ამასთან დაკავშირებით, როგორც კლინიკის ექიმების, ასევე კონსილიუმში მონაწილე ექიმ-სპეციალისტების მიერ დამატებით გამოკვლევის ან/და მკურნალობის საჭიროების შესახებ რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა.

თუმცა,  სახალხო დამცველმა, დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაზრებაზე დაყრდნობით, ლიმფოციტების დამატებითი კვლევა რეკომენდებულად მიიჩნია. მოცემული რეკომენდაცია გაზიარებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ და მისი შესრულება ამჟამად მიმდინარეობს"- ნათქვამია უწყების განცხადებაში

 

ავტორი: ნიუპრესი