|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯიხურები ჭავჭავაძის გამზირზე - გოჩა თევდორაძის "მადლის" დაბრუნება ქუთაისში

გოჩა თევდორაძეს უკვე ეძლევა საშუალება თვითონ აირჩიოს ქუთაისში ვაჭრობისათვის  საუკეთესო ადგილები და არ ყაბულდება იმ ძველ ადგილებს, რომელიც 2013 წელს ქონდა გამოყოფილი -აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი" გიგა შუშანია.

"ქართული ოცნებისა" და "პატრიოტების" გარიგების შედეგებს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ვაჭრობაში აისახა, "ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებს. გიგა შუშანიას განცხადებით, ბორჯომში პოზიციების დათმობის სანაცვლოდ  პატრიოტების ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისისათვის კარგად ცნობილმა გოჩა თევდორაძემ ქუთაისში თავისი სავაჭრო საქმიანობისათვის მწვანე შუქის ანთება მიიღო. კერძოდ, საუბარია, 16 სავაჭრო ჯიხურზე, რომელიც მერიის თანხმობით ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე განთავსდება, აღნიშნული ტერიტორია ვაჭრობის ეპიცენტრია ქალაქში, იქ მყოფ გარემოვაჭრეებს კი მერია წესრიგის აღდგენიოს მოტივით ტერიტორიას იძულების წესით დაატოვებინებს. 

"ქუთაისის მერმა გადაწყვიტა ქუთაისში დააბრუნოს ე.წ. „ბუტკების“ ეპოქა და გასცა 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა. ერთის მხრივ, მერია აცხადებს, რომ ქალაქის იერსახეზე და ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს და მეორეს მხრივ, ჯიხურების ჩადგმის ნებართვას აწერს ხელს, რომელშიც სურსათი გაიყიდება. ხვალ ისინი ამ მოტივით აპირებენ გარევაჭრობის აყრას ჭავჭავაძის გამზირზე და სწორედ ამ დროს იგივე გამზირზე ჩაიდგმება ამ ჯიხურების დიდი ნაწილი.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ჯიხურების ეპოქა 90–იანი წლების გადმონაშთია, რომელიც დიდი ხანია დასრულდა და ჯიხურების ადგილი 21–ე საუკუნის საქართველოში არ არის.

ჯიხურების ნებართვა გაიცა შპს „მადლზე“, რომლის უკანაც "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელ მდივანი გოჩა თევდორაძე დგას. ის "ქართულ ოცნებასთან" და სუსთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში და "პატრიოტთა ალიანსის" დახმარებით მოახერხა ქართულმა ოცნებამ უმრავლესობის ფორმირება. ეს პროცესები დროში საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის ერთ–ერთი იმ ჯილდოთაგანი, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა და კონკრეტულად გოჩა თევდორაძემ მიიღო ქართული ოცნებისგან.

4 წელია ეს პრობლემა არ წამოწეულა და სწორედ ამ მოვლენებს დაემთხვა პროცესის ფორსირება. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, რომელსაც ქალაქის და მოსახლეობის ინტერესები ეწირება.

სხვა ნებისმიერ მოქალაქეს რომ მიემართა იგივე თხოვნით მერიისთვის,  დარწმუნებული ვართ, რომ ისინი უარს მიიღებდნენ და ქალაქის მერია ამას ქალაქის იერსახზე ზრუნვით ახსნიდა. რაც შეეხება ქუთაისის მერიის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელირებას, მიგვაჩნია რომ არა პოლიტიკური ნება და ქუთაისის მერიის ზერელე დამოკიდებულება სასამართლო განხილვებისადმი, ვერავინ შეძლებს იმის მტკიცებას, რომ შეუძლებელი იყო სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ ჯიხურების ეპოქა დიდი ხანია დასრულდა ქუთაისში, რომ მათი ადგილი თანამედროვე ქალაქის ინფრასტრუქტურაში არ არის. ამ შემთხვევაში,  "ქართულ ოცნებას" სხვისთვის ხელის გაშვერა არ გამოუვა, იმიტომ რომ 2013 წელს სწორედ "ქართული ოცნების" მიერ იქნა ეს ნებართვა გაცემული და მაშინაც, ეს გადაწყვეტილება დაემთხვა ქუთაისში "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" თანამშრომლობას, რომელსაც ქუთაისის მერად "ქართული ოცნების" წარმომადგენლის არჩევა მოყვა", -განაცხადა ბრიფინგზე გიგა შუშანიამ. 

ფაქტს ქუთაისის მერიაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ხსნიან. "საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის მერიას 2013 წელს გაცემული ნებართვის აღსრულება დაავალა. რომლის თანახმად 2013 წელს ქალაქის მერმა ხელი მოაწერა შპს "მადლთან" იჯარის ხელშეკრულებას, ე.წ ჯიხურების განთავსების თაობაზე. ამ ხნის განმავლობაში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება "მადლის" სასარგებლოდ მიიღო.ქალაქის მერიას კი უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა,"-განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

შეგახსენებთ, გოჩა თევდორაძემ ჯიხურების გახსნის ნებართვა 2013 წელს მიიღო, თუმცა მაშინ მას 10 ჯიხურის გახსნის ნება ჰქონდა და თან ქალაქის სხვა ნაწილში.

ავტორი: ირინა მაკარიძე