|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კანაფის კულტივაცია და ექსპორტზე გატანა- პრემიერმა მთავრობის გეგმები განმარტა

მთავრობის სხდომაზე საქართველოში კანაფის კულტივაციისა და ექსპორტზე გატანის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, - ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ბრიფინგზე გააკეთა.

"მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. როგორც კი გამოქვეყნდა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მე დავავალე შს სამინსიტროს მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის. ახალი რეგულაციების კანონპროექტი იქნა მომზადებული.

იმისთვის რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცველებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი კონტროლი ჰქონდეს.

კანონპროექტის მიხედვით, მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ტრანსპორტში არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ეს რეგულაცია შეეხება საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებსა და ექიმებს. დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან მოახდინონ ამ იდეის პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. გამკაცრდება პასუხისმგებლობა მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამისთვის. მარიხუანას გასაღება რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად,"-განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება მარიხუანას ექსპორტსა და მის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებას, პრემიერის განცხადებით, რეგულაციები ამ მიმართულებითაც მკაცრი იქნება. 

„ვინაიდან გვაქვს რისკები გათვითცნობიერებული, რომ არ შეიძლება, ზოგადად ამ მცენარის და ამ ნითიერების კულტივაცია, რომ იყოს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს ის და სწორედ ამ რისკიდან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლდათ, დაგვეზღვია რისკები. თუ კულტივაცია არ იქნება სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, ეს შექმნის ძალიან მნიშვნელოვან რისკებს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ რეგლამენტირებაა აუცილებელი, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ეს, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ. ეს, ამ შემთხვევაში მეორე და მესამეხარისხოვანია. მთავარი გახლავთ ის, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგადოებას და მათ ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე აუცლებელია, რომ მოხდეს კულტივაციის რეგლამენტირება. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროდუქცია შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ერთი გრამი ამ ნივთიერების არ მოხვდება უკანონო ბრუნვაში და არ შეუქმნის ეს ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას პრობლემას“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ამ ინიციატივაზე  ბიძინა ივანიშვილმა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა დახურულ შეხვედრაზე უკვე იმსჯელეს. 

ავტორი: ნიუპრესი