|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კარგი იქნება, თუ საერთოდ გაეთიშებიან ქართულ პოლიტიკურ ასპარეზს"-"ოცნების" დეპუტატი ოპოზიციაზე

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე გაიმართა. როგორც საკრებულოს წევრმა ოთარ ლორთქიფანიძემ განაცხადა, კარგი იქნება, თუ ამ არჩევნების შემდეგ ისინი საერთოდ გამოეთიშებიან ქართულ პოლიტიკურ ასპარეზს.  

"გილოცავთ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ეპოქის დაწყებას, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს პირველ ქალ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.  მინდა მადლობა გადავუხადო ევენ თანაქალაქელებს, რომ მათ გააკეთეს ღირსეული არჩევანი და ქვეყანა იხსნეს საფრთხისგან.  დღეს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები არ ესწრებიან სხდომას და სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისაა,  რომ ეს უკვე მეექვსე არჩევნებია, რომელიც წააგეს ჩვენთან,  "ქართულ ოცნებასთან". სპორტულ თამაშებში 6-ით ნოლი წაგება მშრალად წაგებას ნიშნავს და კარგი იქნება, ამ არჩევნების შემდეგ ისინი  საერთოდ გაეთიშებიან ქართულ პოლიტიკურ ასპარეზს. ყველა ვუყურებთ, რა ბინძური მეთოდებით ჩაატარეს მათ საარჩევნო კამპანია, ეს ქვეყნის იმიჯისათვის არის ძალიან დამაზარალებელი და ძალიან ცუდი", -განაცხადა ქუტაისის საკრებულოს განათლების, კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ. 

ალეკო ახალაძის თქმით კი, ოპოზიციამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. ამ მიზეზით მან მერიის აიპებში რეორგანიზაცია და იქედან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გაშვება მოითხოვა.

"ამ შენობაში, ამ შენობის დაქვემდებარებაში არსებულ უამრავ ააიპებში, სხვაგან და სხვაგან არის ძალიან ბევრი "საბოტაჟნიკები", ცოლიან-შვილიანად დედა ბუდიანად რომ არიან ჩასახლებული. მე ვიცი, მზადდება მერიისგან და მონახაზი არის, მაგრამ  მე კატეგორიულად მოვითხოვ, მაქსიმალურად დაჩქარდეს რეორგანიზაცია. ყველას მიეზღას თვისი, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ადმინისტრაციულ რესურს იყენებდეს დამნაშავე ძალა. ამ არჩევნებზე გამიჩნდა, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა დამნაშავე ძალამ",-განაცხადა ალეკო ახალაძემ. 

ახალაძის განცხადებას ოთარ ლორთქიფანიძემ უპასუხა და განაცხადა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გაშვება მიუღებელია. 

საკრებულომ რიგით მე-14 სხდომაზე დეპუტატებმა ორი საკითხი დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჩხიკვაძე უძღვებოდა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე