კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
უკრაინის სამართალდამცველების მიერ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია გენერალური პროკურატურის დავალებით, სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.
უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს.
მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას აღკვეთის ღონისძიებას 72 საათის განმავლობაში შეუფარდებენ.
მიხეილ სააკაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ის უკრაინელებს კვირას დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„ძვირფასო თანამებრძოლებო, ძვირფასო უკრაინელებო. ბარიგების ხელისუფლებამ მე დამაკავა აბსურდული ბრალდებებით. ამით მათ უნდათ დაგაშინონ თქვენ. არ შეგეშინდეთ არაფრის, უშიშრად გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე „იმპიჩმენტისთვის“. ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისგან და თვითნებობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გამაგრდით!“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
მხარდამჭერების ინფორმაციით, მიშა დაკავებისას ავად იყო, ტემპერატურა 40 გრადუსამდე და ძლიერ ხველა ჰქონდა.
ავტორი: ნიუპრესი