კორონავირუსის გამო სკოლებში არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ.
იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.
დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.
ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: ნიუპრესი