ლაშა გვენეტაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა
ქუთაისის საკრებულოს წევრს ლაშა გვენეტაძეს, მის ძმას და მეგობარს ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდებათ, - ამის შესახებ "ნიუპრესს" დაკავებულის ადვოკატმა ირაკლი გვენეტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პროკურორმა მოითხოვა წინასასამართლო სხდომის გადადება, რომელიც სავარაუდოდ, ნაცვლად 30 მარტისა 28 აპრილს გაიმართება. მოთხოვნა ექსპერიზის დასკვნის ვადებს უკავშირდება.
"ბრალდების მხარის მიერ მოთხოვილი ერთ-ერთი ექსპერტიზის პასუხი გვიანდება, რის გამოც პროკურატურამ პროცესის გადადება ითხოვა. ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 10 აპრილს იწურება, ამდენად ბრალდების მხარე წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივებაზეც დააყენებს შუამდგომლობას, რაც ნიშნავს, რომ დაკავებულებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდებათ",- განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ლაშა გვენეტაძემ, მისმა ძმამ და მათმა მეგობარმა მოქალაქე მამის საფლავის გაძარცვის გამო ცემეს. სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტითაა აღძრული, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 10- დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მათი დაკავება საკრებულოს წევრებმა და მოქალაქეებმა გააპროტესტეს.
ავტორი: ირინა მაკარიძე