რატომ დატოვა ქუთაისის მერმა "მაკდონალდსის" პროექტის განხილვა?[VIDEO]
ქუთაისის მერიაში "მაკდონალდსის" მშენებლობის საკითხის განხილვა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
შეხვედრას ქალაქის თვითმმართველობის, კომპანიის, ასევე არქიტექტურის კავშირის წარმომადგენლები, და მშენებლობის მოწინააღმდეგეები ესწრებოდნენ.
'"მაკდონალდსის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების კატეგორიული განცხადებით, ქალაქის ისტორიულ ცენტრში აღნიშნული კვების ობიექტი არ უნდა აშენდეს.
"არ მოგცემთ მშენებლობის უფლებას, მოვითხოვთ თქვენს გადადგომას. არ დავუშვებთ "მაკდონალდსი" აშენდეს ქალაქის ცენტრში, რადგან არ უხდება ქუთაისის კულტურას და მის ცენტრს მსგავსი ობიექტი", -განაცხადა ნაირა უგულავამ, რომლის თქმითაც, ის მშენებლობას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო აპროტესტებს, ამავდროულად განაცხადა, რომ არის არის ექიმი, მწერალი და მწერალთა კავშირის წევრი.
"მაკდონალდსის" მშენებლობა კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო გააპროტესტა გოგი წულაიამ. მისი თქმით, "მაკდონალდსი" არის "გადამგდები" და ქალაქის წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.
მოწინააღმდეგეებს შორისაა საკრებულოს ყოფილი დეპუტატი კახა ჩახუნაშვილი.
ბრალდებებზე განმარტების გაკეთების შესაძლებლობა არ მიეცა "მაკდონალდსის" წარმოების კონსულტანტს გიორგი გეგუჩიანს.
პროექტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე ისაუბრა არქიტექტორთა კავშირის წარმოამდგენელმა თამარ ზვიადაძემ. მისი თქმით, შესაძლოა მშენებლობის ნებართვის გაცემამდე პროექტში ცვლილების განხორციელება მოხდეს, თუმცა განმარტა, რომ მშენებლობის შეჩერების შესაძლებლობა უკვე აღარ არის.
კანონდარღვევის შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა ქალაქის მერმა და განაცხადა, რომ ყველა პროცედურა ჩატარდა კანონის სრული დაცვით. მისი თქმით, ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა, პროექტი კი რამდენიმე ცვლილების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც მოიწონა.
შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირებისა და შეურაცხმყოფელი გამოთქმების ფონზე მიმდინარეობდა. საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ ქალაქის მერმა დარბაზი დატოვა. თუმცა, შეხვედრაზე რჩებიან ქალაქის ვიცე მერი და ადმინისტრაციული და არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელები.
მოგვიანებით, შეხვედრიდან გასვლის მიზეზი ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან განმარტა. მისი თქმით, მას სატელეფონო ზარი ჰქონდა გერმანიიდან, ერთ-ერთ ქალაქთან დამეგობრების საკითხთან დაკავშირებით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი