მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სასჯელი გადაიხედება
"საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დიდ ოდენობად ითვლება 50-დან 500 გრამამდე მარიხუანა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე მოწვეული მოწმეებისა და სპეციალისტების განმარტებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობა, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა, არ წარმოადგენს იმდენად დიდ ოდენობას, რომლის შენახვის ფაქტი თავისთავად მიუთითებს გასაღების მიზნის არსებობაზე"-ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო საქმეს „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განიხილავდა. მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა ის გარემოება, რომ საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა, შენახვისათვის პირი „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით დაწესებული სასჯელი არაგონივრულად მაღალია. მოცემული დანაშაულისთვის განსაზღვრული სანქცია უთანაბრდება ისეთ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა და გაუპატიურება. შესაბამისად, იგი წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს ამ კონკრეტული დანაშულისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანას მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხზე, რამდენადაც აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც აშკარა და დასაბუთებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი (მისი რაოდენობისგან დამოუკიდებლად), ან შენახული (შეძენილი) მარიხუანას რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იგი გასაღების მიზნის არსებობაზე მაღალი ალბათობით მიუთითებს, ან გასაღების რეალურ საფრთხეს თავისთავად ქმნის.
ავტორი: ნიუპრესი