„მართვე“– ქალთა ფეხბურთის გუნდი 20 წლიანი ისტორიით
ქალთა ფეხბურთი საქართველოში დიდი პოპულარობით ჯერ კიდევ არ სარგებლობს, მაგრამ ქუთაისის ქალთა გუნდი “მართვე“ 20 წლიან ისტორიას ითვლის, რამდენიმე წარმატებითა და საქართვლოს ჩემპიონის ორგზის ტიტულით.
გოგონები მომავალი წარმატებისთვის ემზადებიან და ყოველდიურად ვარჯიშობენ. თამთა შენგელია გუნდში 7 წელია, თამაშობს. ბოლო ორი წელია, მწვრთნელის ფუნქციებიც შეითავსა და გუნდელებს ვარჯიშში ეხმარება.
„დაახლოებით 20 წელია, ქალთა გუნდი არსებობს. „მართვემ“ რამდენიმე თაობა აღზარდა და რეგიონში პოპულარიზაცია გაუწია ქალთა ფეხბურთს. ჩვენთან სხვადასხვა ასაკის გოგონები არიან, ყველაზე უფროსი 23 წლისაა, უმცროსი 11. ვეხმარებით ერთმანეთს, ახალბედებს ვასწავლით და ახლა საქართველოს ჩემპიონობისთვის ვემზადებით, მესამედ უნდა მოვიპოვოთ ჯილდო“, –განაცხადა თამთა შენგელიამ.
მწვრთნელი ადასტურებს, რომ ქუთაისში გოგონებისთვის ფეხბუთი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ოჯახის, მშობლების და ახლობელების წინააღმდეგობას საკუთარ სურვილს უპირისპირებენ და იმარჯვებენ კიდეც.
„მე მშობელი მეწინააღმდეგებოდა, არ უნდოდა ფეხბურთი მეთამაშა, მაგრამ ჩემმა სიჯიუტემ აჯობა. მეშვიდე წელია, გუნდის წევრი ვარ, ასევეა თითქმის ყველა გოგო. აქ ჯერ მაინც ვერ გახდა ფეხბურთი ქალების სპორტი, თითქმის ყველას წინააღმდეგობა აქვს. ახლა ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, მეტი ინფორმაციაა ქალთა ფეხბურთის შესახებ, მეტი სიუჟეტი მზადდება და თითქოს შეეჩვივნენ“, –განაცხადა თამთამ.
გოგონები ხშირად ეჯიბრებიან ბიჭებს. ამბობენ, რომ თამაში თანაბარია და მოედანზე ყველა შეძლებისდაგვარად იხარჯება. ხშირად მარცხდებიან ბიჭებთან, მაგრამ ეს მათთვის გამოცდილების მისაღებად აუცილებელია.
„მართვე“ ქალაქის გუნდია და დაფინანსებას ადგილობრივი ხელისუფლებიდან იღებს. გოგონები აცხადებენ, რომ მათთვის დაფინანსება საკმარისია და დამატებითი ხარჯების გაწევა არ უწევთ. ასვეე აქვთ ხელფასი, რაც მათთის კარგი მოტივაციია.
ახალგაზრდა ფეხბურთელები ყოველდღიურად „ტორპედოს“ სტადიონზე ვარჯიშობენ. გოგონებმა გასულ წელს ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპი გიარეს, მართალია, სამივე თამაში წააგეს, თუმცა, ცდილობენ წელს უკეთესი შედეგი აჩვენონ. იქამდე კი, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად ემზადებიან. ძლიერ კონკურენტებად თბილისის „თბილისის“, „ნორჩი დინამოელების“ და ლანჩხუთის გუნდებს მიიჩნევენ.
ქუთაისის გუნდის ორი ფეხბურთელი აზერბაიჯანის ნაკრებში გადავიდა სათამაშოდ.
„მართვეში“ ფეხბურთელები გარდა ქუთაისისა, იმერეთის რაიონებიდანაც არიან წარმოდგენილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი