"მათ უკანონოდ მოიპოვეს ხე-ტყე და გაიტანეს, რაც დარღვევაა"-სატყეო დეპარტამენტი
"თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას და შტაბის უფროსის გოგი წულაიას მიერ მუხნარის ტყეში გამართულ აქცია-პერფორმანს სატყეო სააგენტო ეხმიანება.
იმერეთის დეპატამენტის უფროსის კახა გაზდელიანის განცხადებით, პოლიტიკოსებმა თავიდანვე ტყუილით დაიწყეს საუბარი, როდესაც განაცხადეს, რომ დაზიანებულ ხეებს ყურადღება არ ექცევა. მისი თქმით, ხეები გამზადებულია სანიტარული ჭრისათვის.
"ტყუილია, რაც მათ განაცხადეს, რომ ტყეს ყურადღება არ ექცევა. ის ხე, რომელსაც ისინი ჭრიან, ეს არის წაქცეული ხე, იმ ხის ძირი დანომრილია - 8 ნომერია, რაც ნიშნავს, რომ ეს ხეები აღრიცხულია სანიტარული ჭრისათვის. ეს არის წითელი ნუსხით დაცული მცენარები, რომელსაც სჭირდება სპეციალური ნებართვა, შესწავლა. აღრიცხული დახლოებით 600-მდე ხე 320 ჰექტარზე. ყველაფერი მზადაა იმისათვის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიწყოს ტყეკაფი. პროცედურების მიხედვით, მოსახლეობა მოკლე ხანში მიიღებს ხე-ტყის დამზადების ბილეთებს", -აცხადებს იმერეთის სატყეო დეპატამენენტის უფროსი კახა გაზდელიანი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხეები მოჭრისათვის იყო განკუთვნილი, მათ არ ქონდათ უფლება ხეები მოეჭრათ და გაეტანათ. " მათ უკანონოდ მოიპოვეს ხე-ტყე და გაიტანეს, რაც დარღვევაა, არავის აქვს უფლება ხე-ტყე მოჭრას, ან მოიპოვოს სახელმწიფო ტყის ფონდში ხე-ტყის დამზადების ბილეთის გარეშე, ეს ბილეთი არ იყო გაცემული, ვინაიდან მანდ არ იყო ტყეკაფი. თუ დადასტურდა ქმედება, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ოქმის შედგენას, რაც ითვალისწინებს შენიშვნას, ან ჯარიმას, ეს კი სასამართლოს გადასაწყვეტია", -განმარტავს გაზდელიანი.
მისი თქმით, ფაქტზე დაიწყება მოკვლევა.
შეგახსენებთ, პარტია "თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და შტაბის უფროსმა გოგი წულაიამ მუხნარის ტყეში დაზიანებული ხეები დაჭრეს და სოციალურად დაუცველებს დაურიგეს.
ავტორი: ირინა მაკარიძე