"მაჟორიტარული სისტემით პარლამენტში ფულიანი ადამიანები ხვდებიან"
15 ოქტომბერს ქუთაისში, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა მოეწყო. შეხვედრაში პარლამენტარები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თემამ აუდიტორიის ინტერესი გამოიწვია.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები, შეიძლება, მიეკუთვნოს, მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმათა 4%-ს მაინც. ხოლო თითოეულ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში საარჩევნო სუბიექტებს შორის პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მათ მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების პროპორციულად.
ცვლილებები, რომელთა საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვისაა განკუთვნილი. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განმარტა, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ იმერეთი, შეიძლება, გაიყოს ორ, ან სამ ნაწილად და თითოეულმა რეგიონმა აირჩიოს რამდენიმე პარლამენტის წევრი პროპორციული არჩევნების წესით. არსებული კანონმდებლობით, 73 დეპუტატი მაჟორიტარული, 77 კი პროპორციული წესით ირჩევა.
"რეგიონული პროპორციული არჩევნები გულისხმობს, როგორც პროპორციული, ასევე რეგიონალური პროპორციული არჩევნების ჩატარებას. ანუ, პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, თუ დღეს საქართველო არის ერთი მანდატის ერთიანი ოლქი, სადაც 77 მანდატი აირჩევა 2020 წლის არჩევნებისთვის. იმავდროულად იქნება რეგიონალური პროპორციული სიები, ანუ, პირობითად, იმერეთის რეგიონში, რომელიც შეიძლება გაიყოს ორ, ან სამ ნაწილად. თითოეულმა რეგიონმა აირჩიოს რამდენიმე პარლამენტის წევრი პროპორციული არჩევნების წესით. ეს არის რეგიონალური პროპორციული არჩევნების სისტემა", - განაცხადა კახიანმა.
აღნიშნულ ცვლილებებს დადებითად აფასებს „საიას“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი. ის განმარტავს, რომ ინიციატივამ გაჟღერებისთანავე მოწონება დაიმსახურა, თუმცა გაუმართლებლად მიაჩნია 2020 წლამდე მისი გადაწევა.
" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც, ერთის მხრივ, მაჟორიტარულ ხარვეზებზე იყო საუბარი. აქედან გამომდინარე, უფრო აქტუალური გახდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დისკუსია. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში, როგორც საარჩევნო სისტემა. „საიამ“ ინიციატივის გაჟღერებისთანავე წარმოადგინა თავისი პოზიცია, რომ მთლიანობაში მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. არანაირი შენიშვნა არ არის და მივესალმებით მსგავს ინიციატივას. უბრალოდ, განსხვავება არის ერთი: ვფიქრობთ, რომ 2020 წლამდე აღნიშნული ცვლილების გადაწევა გაუმართლებელია და მისი გატარება შეიძლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, ისე რომ 2016 წელს არჩევნები ჩავატაროთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში პროპორციული საარჩევნო სისტემით",- აღნიშნა სანტურიანმა.
„ამ ეტაპზე ყველა თანხმდება, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ჩემი ორგანიზაცია ემხრობა პროპორციულ სისტემას, რომელიც 2016 წლის არჩევნებამდე მოსწრებადია“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
აღნიშნული ცვლილებები პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამაც შეაფასა. მისი თქმით, მაჟორიტარული სისტემა შევარდნაძის მიერ იყო შემოღებული, რათა თავისი მმართველობა გაემაგრებინა. მისივე თქმით, ეს მაჟორიტარული სისტემა გამოიყენეს „ნაციონალებმა“ და „ოცნებამაც“. წულაიას თქმით, ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის გარეშე არჩევნებს წააგებს.
"წინასაარჩევნო დაპირებებში ყველა ამბობს, რომ მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებს, მაგრამ ვერ ელევიან ამ საქმის ოსტატებს. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო შევარდნაძის მიერ შემოღებული, რათა თავისი მმართველობა გაემაგრებინა და მოიყვანა იქ მაჟორიტარები, მისი ხელქვეითები და მაშინ ამან გაამართლა. 1995 წლის პარლამენტი დაკომპლექტებული იყო ყოფილი რაიკომის მდივნებით, ცეკას მდივნებით და ასე შემდეგ. ეს მაჟორიტარული სისტემა გამოიყენეს "ნაციონალებმაც", "ოცნებამაც". ამ სისტემით პარლამენტში პოლიტიკურად არამოტივირებული, ფულიანი ადამიანები ხვდებიან“, -განაცხადა წულაიამ.
პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, 2016 წლის არჩევნები სავარაუდოდ იმავე პრინციპით ჩატარდება, რომელიც დღეს მოქმედებს. ზემო აღნიშნული ცვლილებები კი ძალაში 2016 წლის საპალამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე შევა და ამ ცვლილების შესაბამისად ჩატარდება შემდგომი საპარლამენტო არჩევნები.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი, მარი ლეშკაშელი