„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ, ფაქტობრივად, შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი - ევროპარლამენტი
„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ, ფაქტობრივად, შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“, - ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 14-მა მისცა.
ანგარიშის პროექტის განმარტებით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.
„ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განმარტებით განცხადებაში.
ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, „რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე“.
„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში.
პროექტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები მნიშვნელოვანია.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს მიერ, 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც საქართველოში, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაფასებლად, ექსპერტთა მისიის გაგზავნის საშუალებას იძლევა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება.
ავტორი:




15:23
16:17
12:09
11:59
















