|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მდევნიან, მგონი, მტრის თვითმფრინავი კი არა, ჩვენი მაქვს ჩამოგდებული"

ბაღდათელი ვალერი რობაქიძე მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებიულ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. ის  პოლიტიკური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრია, იყო ბაღდათის საკრებულოს წევრი. როგორც თავად აცხადებს, პოლიტიკური შეხედულების  გამო სამსახური ჯერ 2014 წელს მას, ახლა კი მის მეუღლეს დაატოვებინეს.

ვალერი რობაქიძე ვახტან გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსანია, ეს ჯილდო 2008 წლის ომში მტრის თვითმფრინავის ჩამოგდების გამო გადასცეს, ის ასევე აფხაზეთის ომის ვეტერანია.

"ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე, ასევე 2008 წლის ომში გავანადგურე მტრის თვითმფრინავი- SU-25, რისთვისაც დაჯილდოვებული ვარ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.  მაგრამ ისე გამოდის, მგონი, ჩვენი თვითმფრინავი მაქვს ჩამოგდებული, ჩემზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა. 2014 წელს, როდესაც ბაღდათში ადგილობრივი ხელისუფლება შეიცვალა, ვმუშაობდი სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილედ,  რომ ვერაფერი მომიხერხეს და პარტია არ დავტოვე, საკრებულოს დადგენილებით, ჩემი შტატი გააუქმეს. ამავე წელს ჩემი მეუღლე გაათავისუფლეს სამსახურიდან, ექთანია საბავშვო ბაღში, თუმცა გავაპროტესტეთ და დატოვეს სამსახურში. წელს საბავშვო ბაღებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო, ორი ტური გადალახა, თუმცა მესამე, მათ მიერ ჩატარებული გადარჩევა ვერ გადალახა, შედეგი გავაპროტესტეთ, აპელაცია გაიარა, თუმცა უარი მიიღო. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ის, რომ მე და ჩემი მეუღლე - ცირა კობახიძე ვიდევნებით ჩვენი პოლიტიკური შეხედულების გამო.  სახლი იპოთეკის გამო ბანკმა გაგვიყიდა, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ბავშვები როგორმე ხომ უნდა ვარჩინოთ? სხვა გზა აღარ დაგვრჩა,  ჩვენი უფროსი შვილი გერმანიაშია და ჩვენც უნდა წავიდეთ და მოვითხოვოთ პოლიტიკური თავშესაფარი, - აცხადებს ვალერი რობაქიძე "ნიუპრესთან" საუბარში.

ის მისი საკითხით დაინტერესებას ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებს თხოვს, ასევე იმერეთის გუბერნატორს სამხედრო გენერალ შავლეგო ტაბატაძეს მიმართავს.

"არ მინდა დავიჯერო, რომ იმის გამო ვისჯები, რომ რუსული თვითმფრინავი ჩამოვაგდე, მინდა ამის შესახებ გუბერნატორს ვესაუბრო", -განაცხადა ვალერი რობაქიძემ.

საკითხთან დაკავშირებით იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პიროვნებას გუბერნატორთან შეხვედრის მოთხოვნით არ მოუმართავს, "თუკი მოგვმართავს, გუბერნატორი შეხვდება და საკითხს შევისწავლით"-განაცხადეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. 

შეგახსენებთ, ბაღდათის საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია ჩატარდა, რის შედეგად თანამშრომლების ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა.

ავტორი: ირინა მაკარიძე